მამუკა ბახტაძე: განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და უმოკლესი გზა სიდუხჭირისგან თავისუფლებისკენ

განათლება უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და ეს არის ერთადერთი სწორი ხედვა იმისთვის, რომ საქართველოს მდგრადი განვითარება უზრუნველყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, გადაცემაში ,,პირისპირ” სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

,,ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა – სიღარიბე და ოკუპაცია, რაც ჩვენი ისტორიული მისიის რეალიზების საშუალებას არ გვაძლევს. სწორედ განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ. ეს არ არის მხოლოდ რეფორმა, ეს არის ეროვნული იდეა და ყველაზე თამამი ეროვნული პროექტი დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების წარმატების ფორმულა არის ის, რომ განათლების სექტორი მთავარი მამოძრავებელია. 21-ე საუკუნეში თუ ეროვნულ ეკონომიკაში განათლებას 10-11%-იანი წილი არ აქვს, ნამდვილად გაუჭირდება კონკურენციის გაწევა. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იყო, რომ 6% აგვეღო სახელმწიფოს მუდმივ წილად და ამ შემთხვევაში კერძო სექტორსაც ექნება მოტივაცია, განახორციელოს ინვესტიციები და შედეგად, განათლება გახდება დომინანტი სექტორი ეკონომიკაში. ციფრებში ეს მასშტაბურია. წელს გამოვყავით 1,6 მილიარდი ლარი და იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ჩავიბარეთ 2012 წელს, როდესაც განათლების ბიუჯეტი 600 მილიონი ლარი იყო, ეს მნიშვნელოვანი ზრდაა. მომავალ წელს გამოიყოფა 2 მილიარდი, 2021 წელს – 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს – 3,4 მილიარდი, რაც არის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი,”- განაცხადა პრემიერმა.

 მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ,,თანასწორობის აქტმა” უნდა უზრუნველყოს, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობის ვალდებულება იყოს, ბიუჯეტის მინიმუმ მეოთხედი მიმართოს განათლებასა და მომავალ თაობაში.

,,განათლება არის გრძელვადიანი რეფორმა, შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ ის, რომ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები 5-6 წლის განმავლობაში და შემდეგ ეს შენელდეს, ეს დაუშვებელია. შესაბამისად, ეს უნდა გამყარდეს საკანონმდებლო დონეზე და უახლოეს მომავალში წარვდგებით პარლამენტის წინაშე შესაბამისი ინიციატივით,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები