თამარ ხულორდავა: ხურვალეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს უნდა იცოდნენ

„ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი და პირველ რიგში ეს არის აუცილებლად სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა და ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
პარლამენტის წევრს მიაჩნია, რომ საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ ქართული სოფლებს და მოსახლეობას მეტი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.
მისივე განმარტებით, სოციალური ქსელით ხურვალეთის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და განგაშის საფუძველი არ არის.
„ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი სპეკულაცია აბსოლუტურად დაუშვებელია. ამიტომ, ერთი რისი თქმაც ნამდვილად შეგვიძლია არის ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების – ეს ინფორმაცია არ დასტურდება ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების მიერ და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით. ასე, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სრულიად კონტროლს ექვემდებარება სიტუაცია. სამართალდამცავები არიან ადგილზე და საგანგაშო არაფერი ნამდვილად არ ხდება. ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ინფორმცაია გაავრცელა, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები