„არა ინტელექტის ოკუპაციას“ – რას აპროტესტებენ ქართველი ხელოვანები

„არა ინტელექტის ოკუპაციას“ – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელში უკვე რამდენიმე კვირაა გძელდება. ამ კამპანიით ასოციაციის წევრები და კამპანიაში მონაწილე ხელოვანები, საქართველოში საავტორო უფლებების დამცველი ახალი ორგანიზაციის დაარსების მცდელობას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთის ავტორთა ორგანიზაციის (RAO-ს) და ევრაზიული კონფედერაციის დაფინანსებით  უნდა შეიქმნას.

„კვირა“ დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა ხელოვანებთან, რომლებიც სოციალურ კამპანიაზე, საავტორო უფლებების ასოციაციასა და რუსულ საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი ალტერნატიული საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის დაარსების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ღიად საუბრობენ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაციაზე.

გიორგი სუხიტაშვილი-მომღერალი

მე ვარ  წევრი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, ორგანიზაციის, რომელიც ჩემს, როგორც ავტორის და შემსრულებლის, უფლებებს იცავს. ეს არის გამართული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია აღიარებული, არამედ მსოფლიოს 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, როგორც პარტნიორი და სანდო ორგანიზაცია. სწორედ ამიტომ, ახლა სხვა, ახალი, თანაც რუსული წარმომავლობის მქონე ორგანიზაციის დაფუძნების საჭიროებას მე ვერ ვხედავ. RAO-ს და ევრაზიული კავშირის მიერ დაარსებული ორგანიზაცია, ვფიქრობ, საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენთვის, ხელოვნებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.  ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ეს ევრაზიული კავშირი რუსეთის მიერ არის დაარსებული და მასში გაწევრიანებულია  მხოლოდ აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი – ამ ქვეყნების არსებობა ჩემთვის უკვე საფრთხის შემცველი მესიჯია.

გარდა ამისა, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ ორგანიზაციას ლობირებენ საქართველოში, იყო მცდელობა, მომხდარიყო დისკრედიტაცია არსებული საავტორო უფლებათა ასოციაციის. ითქვა, რომ თითქოს, რუსეთის მხრიდან 5 მილიონამდე თანხაა გადმორიცხული, რომელიც თითქოს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას არ გაუცია, თუმცა გაირკვა რომ ტყუილია. მეტიც, სინამდვილეში, აღმოჩნდა რომ, 5 წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში გადმორიცხულია მხოლოდ 125 000 ლარი, ჩვენგან  კი რუსი ავტორებისთვის, 420 000 ლარის  ჰონორარია  გაგზავნილი. ეს ციფრები ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყველებს. სხვათა შორის, კიდევ ერთი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია არის ძალიან გამჭვირვალე და ღია, როგორც ავტორებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის.

ირმა სოხაძე- მომღერალი

ძალიან მარტივად დგას საკითხი, როცა ჩვენ, ქვეყანა, მოქალაქეები, მივისწრაფით ევროპისკენ, რა თქმა უნდა, მეც ვირჩევ ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს, და რომელსაც აქვს კავშირი ევროპასთან. ახლა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც  გვთავაზობენ ორგანიზაციას, რომელიც RAO-ს დაფუძნებულია, ანუ გვიწვევენ ორგანიზაციაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან. ჩვენ ყველანაირად ვემიჯნებით რუსეთს და რატომ უნდა გვინდოდეს, რომ საავტორო უფლებების მართვა მივცეთ მას,  მით უმეტეს, რომ ეს კანონის დაღვევაცაა, რადგან კანონით განსაზღვრულია, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ორგანიზაცია უნდა იცავდეს საავტორო უფლებებს და ასეთი ორგანიზაცია არსებობს უკვე.

მე ვერ ვხედავ აუცილებლობას ცვლილებების, ჰონორარის და ჩვენს მიმართ ყურადღების  მხრივ ახლა ყველაფერი კარგადაა, ამიტომ, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, რომ ნუ აყვებიან იაფფასიან პროპაგანდას, ნუ დაიჯერებენ, რომ მილიონებს ვიშოვით რუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით. ასე რუსეთი ევრაზიულ კავშირსაც გვთავაზობს, მაგრამ გვინდა? – არ გვინდა და გთხოვთ, არც ეს გინდათ კოლეგებო!

ჩვენ უკვე ზრდასრულები ვართ და რაც მივეცით რუსეთს იმასაც ვნანობთ ყველა და არ მივცეთ ახლა საშუალება, რომ საავტორო უფლებები მისი ფრთის ქვეშ მოექცეს.

ბესო კალანდაძე- მომღერალი

ჩემი პოზიცია ცალსახაა, საქართველოში ქართულმა ასოციაციამ უნდა განსაზღვროს და აკონტროლოს საავტორო უფლებები, აბა, სხვანაირად ან როგორ წარმოგიდგენიათ – რუსეთმა დაიცვას ჩვენი უფლებები, შეგვიგროვოს ჰონორარი და დაარიგოს თანხები?! ეს, ხომ, გამორიცხულია.

მე რუსული ორგანიზაციის შემოსვლის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, იმ ურთერთობების ფონზე, რაც დღეს გვაქვს ამ ქვეყანასთან. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, აქვს ანექსიის მცდელობაც კი და ამ დროს ინტელექტუალურ საკუთრებაზე რუსეთთან ვითანამშრომლოთ? მე ეს არ მგონია სწორი.

ადამიანებმა, რომლებიც საავტორო უფლებების მართვაში რუსეთის ჩართვას ცდილობენ, მეც დამიძახეს შეხვედრაზე, თუმცა მე ჯერ პატრიოტი ვარ და მერე ხელოვანი. დღეის მდგომარეობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საავტორო უფლებები ყველაზე კარგად საქართველოშია დაცული და მე სწორედ ჩემი ქვეყნის ინტერესების დაკნინების მცდელობა დავინახე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები