გორში მოკლული 9 წლის გოგონას დედა: ბრალდებული მანიაკია და უბრალოდ, ხალხის ნერვებზე თამაშობს

გორში მოკლული 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა.
მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე განცხადება წარმოადგინა, სადაც ბრალდებული მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
აღნიშნული ფაქტი, სასამართლოში უკვე მეორედ განმეორდა.
ამის შემდეგ, მოსამართლემ ჩათვალა, რომ იაგო ნებიერიძე არასაპატიო მიზეზით აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე უარს და ის შეგნებულად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომის იაგო ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა ჟურნალისტებთან იაგო ნებიერიძის შესახებ ისაუბრა:
„ვფიქრობ, ცრუობს, წინა პროცესზეც არ ყოფილა. სასამართლოში მოსვლის არ ეშინია, მანიაკია და უბრალოდ, ხალხის ნერვებზე თამაშობს. სასამართლო რომ უნდა დახურულიყო, ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, ან სიკვდილით დაისაჯოს, რაც ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი, იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები