პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის რაიონულმა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა, პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა და გამომძიებელმა მიხეილ გოგინაშვილმა თელავის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე – „კიბერდანაშაული” შეხვედრა გამართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბორჯომის N-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ამავე თემაზე საინფორმაციო შეხვედრა სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა – თამარ ზურაბაშვილმა, ელიზავეტა დურგლიშვილმა და გამომძიებელმა გიორგი გვარამაძემ გამართეს. „კიბერდანაშაულის” თემაზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ბერიაშვილმა და პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა გააცნეს.
პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. ასევე, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.