დაჭერის დროს ცუდად გახდაო – ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

გალში, დეფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ახლობლები დამატებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც გარდაცვლილის ნათესავმა აღნიშნა, ის თავს არავითარ შემთხვევაში არ ჩამოიხრჩობდა.
“ცხედარი სოხუმშია გადასვენებული. მე დამკითხეს, მას ჩემს მეტი არავინ არ ჰყავს. გავარკვიე, და ამბობენ ჩამოიხრჩო თავიო, სხვები ამბობენ, დაჭერის დროს ცუდად გახდაო. ის თავს არ ჩამოიხრჩობდა შანსი არაა. ნოემბრის თვეში გადმოდიოდა, ობოლი იყო 600-700 ლარს აკეთებდა. რუსებმა დაიჭირეს, აბა, სხვა ვინ”,-აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.
​ერთ-ერთი ნათესავის ინფორმაციით კი ირაკლი კვარაცხელია რუსების ბაზაზე სცემეს, რასაც, სავარაუდოდ, ვერ გაუძლო.
“ნასვამი იყო, შელაპარაკება მოუვიდა რუსებთან. ცუდად გახდა იქ, რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი. შეიძლება, სცემეს და ვერ გაუძლო”, – აღნიშნა ნათესავმა.
შეგახსენებთ, გუშინ სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დეფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები