არჩილ თალაკვაძე: კვარაცხელიას ცხედრის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მისივე ინფორმაციით, ცხედრის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ რეგიონში პატიმრობაში იმყოფებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მყისიერად ჩაერთო ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე. მოლაპარაკებები დაწყებულია და ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება, რათა ცხედარი ექსპერტიზისთვის დროულად გადმოეცეს ჩვენს მხარეს. ექსპერტიზა ჩატარდება სრულფასოვნად და მიზეზები დადგინდება, ვინაიდან დე ფაქტო ხელისუფლების წინასწარი განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ისინი თვითმკვლელობას ასახელებენ. ჩვენ გვინდა, ეს გადავამოწმოთ ექსპერტიზით. რა ნაბიჯებს გადავდგამთ ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. პარლამენტი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ვინც ვალდებულია, რომ ამ საკითხს გაჰყვეს ბოლომდე, ამას გავაკეთებთ. საქმის კურსში არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები