ნინო გოგუაძე: ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად

„ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მივიღეთ უმძიმესი ინფორმაცია გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის – ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ. საქმეზე ჩატარდება გამოძიება და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ გარდაცვალების შესახებ გარემოებების დასადგენად. ამასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა. სახელმწიფო მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თავმჯდომარე მყისიერად იქნა ინფორმირებულია ფაქტის შესახებ. ისინი ახლა საქართველოში იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში მათი სოხუმში ვიზიტისას ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმცია, რომ გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები