ქეთევან ციხელაშვილი: გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება
გალში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე ჟენევის დისკუსიების სამივე თანათავმჯდომარე სოხუმში ისაუბრებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით,პირადად ესაუბარა მომხდარზე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც არის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე.
„ცხადია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მყისიერად ამოქმედდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული.
ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, პირადადაც ვესაუბრე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. სამივე თანათავმჯდომარე არის საქართველოში, ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება მთავარი საკითხი. ასევე, აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების შემდეგ საქმეს მიეცემა კვალიფიკაცია,” – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი კვარაცხელია დაკავებული იყო დეფაქტო ხელისუფლების მიერ და ამ დროს მოხდა მისი თვითმკვლელობა.
„თავისთავად, არის ძალიან მძიმე ფაქტი. საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს და მე აუცილებლად მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და გამოვხატო ღრმა მწუხარება და ჩვენი სამძიმარი.
ჩვენ გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარდა ცხელი ხაზის მეშვეობით და ამის თაობაზე გაკეთდა უკვე განცხადება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა. დღეისთვის, არ მაქვს სხვა ინფორმაცია. ბუნებრივია, ყველა ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი. ჩვენი ინტერესია, ნათელი მოეფინოს მომხდარს .
ასეთ მძიმე ფაქტზე მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას. ჩართული გვაქვს ყველა მექანიზმი, ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმისთვის, რომ გარემოებები დადგინდეს. სხვა ვარაუდის გამოთქმა ძალიან უპასუხისმგებლოა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.