ედუარდ კოკოითი: იმისთვის არ გვიომია, რომ ვინმემ ჩვენზე ექსპერიმენტები ატაროს
ცხინვალში და მოსკოვში დღემდე განიხილავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი “პრეზიდენტის” ედუარდ კოკოითის გამოსვლას დე-ფაქტო აფხაზეთის მეორე “პრეზიდენტის”, სერგეი ბაღაფშის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ექსპერტები ამას კოკოითის ერთგვარ რებრენდინგს უწოდებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების წინ.
“ჩემი ძმების სახლში, ჩემი ძმები არიან პატრონები. მე მინდა, გთხოვოთ, რომ საკუთარ სახლში თქვენი საქმეები თავად მოაგვარეთ. ნუ მოხვდებით იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გარკვეულ დარიგებებს ასრულებდნენ, და ახლა დავალებები ჩააფლავეს და უნდათ, რომ ხელები ჩვენს ხალხს შეახოცონ. მათი რეპუტაციების გამო, ყველაზე მეტად დღეს ჩვენ ვზარალდებით და ამის შესახებ თამამად და ღიად უნდა ვისაუბროთ. ჩვენ თავად გავერკვევით საკუთარ სახლში! ჩვენ ასევე კარგად ვიცით, ვის აქვს ე.წ. საკონვერტო უფლებები. ამ ადამიანებს როგორც აფხაზეთში, ისევე სამხრეთ ოსეთში პირველ რიგში დაფიქრება მართებთ: რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი – აზრი, სიყვარული და პატივისცემა თქვენი ხალხისგან თუ ჩინოვნიკების დამოკიდებულება, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის დავალებები ვერ შეასრულეს. ასე არ გამოვა ჩემო ძვირფასებო, იმისთვის არ გვიომია, რომ ვინმემ ჩვენზე ექსპერიმენტები ატაროს”, – განაცხადა კოკოითმა.
ედუარდ კოკოითი იმ ადამიანებს მიმართავდა, რომლებსაც აღიზიანებთ მოსკოვის კურატორების ზედმეტი ჩარევა შიდა პოლიტიკურ”სამზარეულოში”, რომლებიც ქვას ქვაზე არ ტოვებენ ახალგაზრდა რესპუბლიკების სუვერენიტეტიდან. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც კოკოითმა ეს მიმართვა გააკეთა, ხალხი მას მოქმედი პრეზიდენტისა და რუსი დიპლომატების წინ ტაშს უკრავდა.