დიმიტრი ცქიტიშვილი ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას დაესწრება

11-19 მარტს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას დაესწრება.
საქართველოს დელეგაციასთან ერთად დიმიტრი ცქიტიშვილი სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებს მონაწილეობას და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი სიტყვით გამოვა 13 მარტის ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება პეკინის დეკლარაციას და საუკეთესო პრაქტიკებს მისი აღსრულებისთვის.
დიმიტრი ცქიტიშვილი ისაუბრებს იმ პოზიტიური ცვლილებებისა და მიღწევების შესახებ, რაც საქართველოს გააჩნია გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
გარდა ამისა, სესიის ფარგლებში, 19 მარტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მასპინძლობს პარალელურ ღონისძიებას „რა კულტურული ცვლილება არის საჭირო იმისათვის, რომ სექსუალური შევიწროება ჩაბარდეს ისტორიას?“. აღნიშნულ პანელს დიმიტრი ცქიტიშვილი გაუძღვება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია და სახალხო დამცველის მოადგილე, ეკატერინე სხილაძე.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.
კომისიის მორიგი 64-ე სხდომა მომავალ წელს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები