ტრამპმა სირიიდან ჯარის გაყვანა გადაიფიქრა
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიიდან სამხედროების გაყვანის ბრძანება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NBC news” ავრცელებს. მედიისთვის აღნიშნული ინფორმაცია ტრამპის მიერ კონგრესისთვის მიწერილი წერილიდან გახდა ცნობილი.
ამ წერილით მან “რესპუბლიკური” და “დემოკრატიული” პარტიების იმ დეპუტატთა ჯგუფს უპასუხა, რომლებიც თანახმანი არიან, რომ ამერიკის ჯარის მცირე ნაწილი კვლავ დარჩეს სირიაში.
პარლამენტარების თქმით, ისინი ფიქრობენ, რომ მცირე ძალა გულისხმობს, ამერიკული ჯარის მცირე კონტინგენტს და ევროპელი მეგობარი ქვეყნების სახმელეთო ჯარის ყოფნას სირიაში, რათა არ დაირღვეს სტაბილურობა და არ მოხდეს “ისლამური სახელმწიფოს” ძალების დაბრუნება.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ “თეთრი სახლი” ცდილობს, ამერიკის მიერ სირიაში მიღწეული შედეგები არ დაიკარგოს და რომ “ისლამური სახელმწიფო” არასდროს დაბრუნდეს.
ცნობისთვის, ორი თვის წინ ამერიკის პრეზიდენტმა სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის ბრძანებას ხელი მოაწერა.