პირველი პერსონალური გამოფენა – გიორგი მაღრაძე

   მკვეთრი ფერები, სათქმელის მაქსიმალურად გამოხატვა და ნახატებში ადამიანების გაცოცხლება – ასე აფასებენ დამთვალიერებლები ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი მაღრაძის ნამუშევრებს. გიორგის პირველი პერსონალური გამოფენა დღეს, თსუ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა. წარმოდგენილი იყო 35 ფერწერული ნამუშევარი. მათ შორის: „ქალი ჩადრში“ „ილია მეორის პორტრეტი“ „სოლომონ ბაბუა ყოჩივარდებით“ „26 მაისი – გვახსოვდეს.“ გიორგი მაღრაძე სამხატვრო აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტია. 1620286_10202039935257632_2087367560_n
ის „კვირასთან“საუბრისას ამბობს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები ბოლო ორი თვის მანძილზეა შექმნილი: „დღევანდელი გამოფენის ორგანიზება ოთხ დღეში მოხერხდა. დღევანდელი საღამოს მოწყობაში თსუ-ს თვითმმართველობა დამეხმარა. გამოფენას სახელიც კი არ აქვს და „უსათაურო“ დავარქვით.“ გიორგი ერთ-ერთ ნახატზე ამახვილებს ყურადღებას: „ნახატი „26 მაისი – გვახსოვდეს“. მინდოდა, რომ ძალიან ემოციური ყოფილიყო, მკვეთრი ფერებით. მინდოდა, სხვა კუთხიდან დამენახა ეს დღე და პოლიციის თვალით დანახული ხალხი ავირჩიე. ნახატში რამდენიმე ფოტოს დეტალი არის გაერთიანებული. ბევრი ამ ნახატს უკრაინის მოვლენებს უკავშირებს და პირველი შეხედვისას უკრაინა ჰგონიათ. „ახალგაზრდა მხატვრის პირველ პერსონალურ გამოფენას მისი მეგობრები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც ამ დღის შესახებ ფეისბუქიდან გაიგო. მხატვრის მეგობარი ანა ხვიჩია ამბობს, რომ გიორგი დიდი ხანია გამოფენის გამართვას გეგმავს: „გიორგი ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა.
ნახატებს სულიერი არსებებივით ექცევა. როცა ხატავს, სხვა სამყაროში იკეტება. ძალიან მომწონს მისი ბოლო ნახატი – „აკადემიის დამლაგებელი ქალი.
“ დღევანდელ საღამოს საქველმოქმედო სახე აქვს. შესული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ. გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი ზანდარაძის თქმით, ახალგაზრდა მხატვრის ნახატები მეგობარმა აჩვენა. სწორედ მაშინ დაიბადა გამოფენის მოწყობის იდეა: „გიორგის ნახატები ცნობილია, მაგრამ თავად გიორგის არავინ იცნობს. მისი ნახატებიდან ძალიან მომწონს „ბებო ვაშლებით.1616599_10202039935217631_370687876_n
“ ამ ნახატის ნახვის შემდეგ გიორგის ძალიან ვაფასებ. გიორგი მაღრაძის ერთ-ერთი ნამუშევრის პერსონაჟი მარიამ ბაბლუანი გამოფენას ესწრებოდა. ის ახალგაზრდა მხატვრის შეყვარებულია. მარიამი გიორგის შემოქმედებასა და მის პიროვნულ თვისებებზე გვესაუბრა: „ჩემი ნახატის შექმნა გიორგის იდეა იყო. მე ძალიან არ მინდოდა, რომ დავეხატე. პირიქით, მერჩია თავისი პორტრეტი შეექმნა და ის ეჩუქებინა. გამოფენისთვის ნახატების შერჩევაში ვეხმარებოდი. აკადემიაში ყოფნის დროს ერთად ვფიქრობდით, რისი ჩვენება უფრო კარგი იქნებოდა გამოფენაზე. გიორგი ძალიან გამორჩეული, გულისხმიერი და გამგები ადამიანია. ის ყოველთვის სხვა ადამიანზე უფრო მეტად ფიქრობს, ვიდრე თავის თავზე.“ ახალგაზრდა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ერთდღიანია და საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. სამომავლოდ კი გიორგი მაღრაძის ნახატების გამოფენა-გაყიდვა „თი-ბი-სი გალერში“ იგეგმება. ზაფხულში მხატვრის შემოქმედებას საჯარო ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები