არაჩვეულებრივი გამოფენა – როგორ გაჩნდა ჯადოსნური საკერავი მანქანისგან ტროას ცხენი?

ამ არაჩვეულებრივი ნამუშევრების ავტორმა ხუთი წლის წინ დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა. ჯერ თითბრისგან ამზადებდა სხვადასხვა ნივთს, შემდეგ კი  საკერავი მანქანისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნის იდეა გაჩნდა.
ასე დამზადდა ორთქლმავალი, რეტრო მანქანა, ინგლისის დედოფლის კარეტ, გემი „ნეფი“, მერსედესი, თვითმფრინავი, ზარბაზანი, მსუბუქი ორთვლიანი ეტლი…  
ამჟამად ტროას ცხენზე მუშაობს და გამოფენისთვის ემზადება. – ვაჟა ხაჩიურის პერსონა.

 როდის დაიწყეთ საკერავი მანქანისგან ხელოვნების ნიმუშების გაკეთება, ანუ იდეა როდის დაიბადა?
– პროფესიით ინჟინერ- ენერგეტიკოსი ვარ. ამ ნამუშევრების კეთება დავიწყე დაახლოებით 5 წლის წინ. ამ მიმართულებს ჰქვია Steampunk. თავიდან  პატარა ფიგურებს თითბრისგან ვამზადებდი. გავაკეთე გლობუსი, სანათები, ყვავილები და ა.შ. ამის შემდეგ გავართულე ჩემი საქმიანობა და გადავედი სხვა ნამუშევრების შექმნაზეც. საკერავ მანქანას თუ კარგად დააკვირდებით, ისეთი მოყვანილობა აქვს, რომ შეიძლება ბევრი რამის დანახვა. დღესდღეობით ვაგრძელებ ამ თემაზე მუშაობას.
რა ნივთები დაამზადეთ
– კომპანია „სარაჯიშვილში“ ენერგეტიკული სამსახურის უფროსად ვმუშაობ, სამსახურის კავშირების წყალობით, ერთი ორთქლმავალი აზერბაიჯანის  რკინიგზის მინისტრთან ინახება, მე-2 ორთქლმავალი თურქეთის რკინიგზის და წყლის ტრანპორტის მინისტრის კაბინეტშია. ხოლო მესამე – რეტრო მანქანა ელგუჯა ბუბუტეიშვილს გავუკეთე საჩუქრად.
გავაკეთე ასევე ინგლისის დედოფლის კარეტა, გემი „ნეფი“, მერსედესი, თვითმფრინავი, ზარბაზანი, მსუბუქი ორთვლიანი ეტლი,  ორთქლმავალი და კიდევ რამდენიმე რეტრო მანქანა.
–  ტროას ცხენზე მუშაობთ, რატომ მაინცდამაინც ტროას ცხენი?
– ეს ცხენი მე-15 ნამუშევარია. ტროას ცხენის იდეა მოვიდა ისევ და ისევ თავისი მოყვანილობის გამო. თან ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რადგანაც ცხენი და ავტომობილი სხვადასხვა სფეროა.
გემი „ნეფი“?
– წინა საუკუნეებში ინგლისსა და გერმანიაში სამეფო წვეულებებზე ასეთი გემებით მიქონდათ სუფრაზე დანა-ჩანგალი,  ჭურჭელი ან სასმელი. ნახევარზე თავი ეხდებოდა და ასე უმასპინძლებოდნენ სტუმრებს…
– ჩამოთვლილთაგან სხვებიც გააჩუქეთ?
– არა, სახლში ტროას ცხენის გარდა მაქვს კიდევ 12  ნამუშევარი. პერსონალური გამოფენის გამართვა მინდა. თუმცა ხსენებული ორი ორთქლმავალი არ გამიჩუქები, შეკვეთა მომცეს და დავუმზადე.
მასალად რას იყენებთ? ალბათ ზუსტ ზომებზე ბევრია დამოკიდებული….
– მასალად ვიყენებ თითბერს, ბრინჯაოს, ხის მასალას, ტყავს, ბარხატის ნაჭერს, დიოდურ სანათებს. ყველა ნამუშევარს აქვს მუსიკალური მექანიზმი, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია.
ყველა ნამუშევრისთვის ესკიზს ვამზადებ. საკმარისია რომელიმე დეტალის ზომა  1-2 მილიმეტრით შეგეშალოს, ბოლოს შეიძლება დასაშლელი და თავიდან ასაწყობი გახდეს.
– თქვენი ნამუშევრები მუსიკას გამოსცემს?
– კი, იქოქება მექანიკურად და ისმის მელოდია,ზოგიერთ ნივთს ხმოვანი სიგნალი აქვს. მაგალითად ორთქლმავალს აქვს ნამდვილი ორთქლმავლის ხმა, მოტოციკლეტს –  ძრავის დაქოქვის ხმა, ავტომობილს – ძრავის ხმა და ა.შ. თვითმრინავზე ტრიალებს პროპელერი. ყველას აქვს დიოდური სანათები, ისინი რეტრო სტილში შეიქმნა, როგორც ნამდვილები.
ორთქმავლის გასაკეთებლად ექვსი საკერავი მანქანა გამოიყენეთ?
– ორთქლმავლის გასაკეთებლად გამოვიყენე ექვსი მანქანის ბორბალი და სამი მანქანა. მარტო  ერთი ორთქლმავლის წინა მხარეს  დამჭირდა 25 ცალი მანქანის პატარა დეტალი.
– სამომავლოდ  რა სიახლე გაქვთ?
– მინდა ავტოფარეხში  კარგი სახელოსნო მოვაწყო. გაკეთებული მაქვს ორი რეტრო მანქანის ესკიზი. საკერავი მანქანის გარდა, სხვა ნივთებისგანაც ვამზადებ საინტერესო ნივთებს…  რამე ძველი ნივთის დანახვისას ახალი ნივთის დამზადების სურვილი მიჩნდება.
ხატვა არ გიცდიათ?
– შეიძლება აქაც მოვსინჯო ჩემი თავი.
სულ რამდენი საკერავი მანქანა გამოიყენეთ?
– როგორც საკერავი მანქანა – 26 ცალი, 62 ცალი ბორბალი გამოვიყენე.
ჰობი?
– ყველაფერი –  სილამაზის კეთება.
ოჯახი და შვილები?
– მყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი,  ქალ -ვაჟი. სიძე და უსაყვარლესი შვილიშვილი მარიტა.
შვილებს ხომ არ აინტერესებთ ქვენი საქმიანობა?
– ინტერესით ადევნებენ თვალს ჩემს შემოქმედებას,  მაგრამ რაიმეს შექმნისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები