საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

“ჩვენ მარტის ბოლოს ველოდებით ნატო-ს გენერალურ მდივანს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა, სადაც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მონაწილეობით დახურული სემინარი მიმდინარეობს.
როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის გარდა, საქართველო ნატოს სამხედრო ექპერტებსაც უმასპინძლებს.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, 2019 წელი, ისევე როგორც 2018 წელი, იქნება ძალიან დატვირთული და დინამიური ნატო-ს მიმართულებით.
ღონისძიებების დაწყებამდე მინისტრის მოადგილემ სემინარის გამართვის მნიშვნელობაზე და წლიური ეროვნული პროგრამის შედგენაზე ისაუბრა.
მახარობლიშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი დგინდება.
ასევე დაზუსტდება, თუ რომელ სამხედრო ბაზაზე გაიმართება წვრთნები.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტიურად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს და მექანიზმს, რომელიც ქვეყანას გააჩნია ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.
“ჩვენ ნატოელ კოლეგებს ვმასპინძლობთ და ექსპერტების დონეზე დისკუსია იქნება, ამ სამოქმედო პროგრამის მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორისაა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხოების თემა, რეგიონული თანამშრომლობა და სხვა საკითხები. ყველა ამ მიმართულებაზე ინტენსიური დისკუსია იქნება. ერთობლივად მოხდება სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩვენ მარტის ბოლოს ველოდებით ნატო-ს გენერალურ მდივანს. ასევე, იქნება სამხედრო კონტინგენტის ვიზიტი. ჩავატარებთ ძალიან მნიშვნელოვან ნატო-საქართველოს წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სამხედროები. ასევე, იმედი გვაქვს, წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვევა ჩრდილო ატლანტიკური საბჭოც. იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მათ შორის, სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც ყოველწლიურია და წელს კომუნიკაციების, პროპაგანდის საკითხებზე იქნება. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო წელი გვაქვს”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები