კვიციანი: თუ პარლამენტში ჩვენი ფრაქცია დაიშლება, ამაში დიდ უბედურებას არ ვხედავ
თუ პარლამენტში ჩვენი ფრაქცია დაიშლება, ძალიან დიდ უბედურებას მე ამაში არ ვხედავ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კვიციანი ფრაქციიდან დავით ჭიჭინაძის გასვლის და ამის გამო ფრაქციის დაშლის საკითხს გამოეხმაურა.
„მე არ გამიგია ბატონი დავითის განცხადება და არ ვიცი. თუ დაიშლება ფრაქცია, ძალიან დიდ უბედურებას მე ამაში არ ვხედავ, მერე რა მოხდა? დაიშლება და მაინც ვიმუშავებთ. უკეთესად თავისუფლები და დამოუკიდებლები ვიქნებით. ახლა მაინც რაღაცნაირად პარტიაა, ვფიქრობ, რაღაცა შეჯერდე ერთად, ყველას აზრი ერთი არ არის, ახლა დამოუკიდებლები ვიქნებით და უფრო მეტს გავაკეთებთ სხვადასხვა მიმართულებით კიდევ, მაგრამ ერთმანეთს დავუდგებით ყოველთვის გვერდში. ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ ჭიჭინაძემ გუშინ „პირველ არხს“ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ფრაქციის დატოვების მიზნით პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართა.
დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშეა, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი წევრია საჭირო, ირმა ინაშვილის საპარლამენტო გუნდს კი ხუთი დეპუტატი ჰყავს.
„საქართველოს პატრიოტები“ საშემოდგომო სესიაზე ნატო ჩხეიძემ დატოვა, რომელიც ფრაქციაში დავით ჭიჭინაძემ ჩაანაცვლა.
თამუნა შეყილაძე