მეგი მოლოდინის ზღვაში დარჩენილი მზე და აფხაზეთის დაბრუნების მოლოდინი…

სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ლამაზად ახსოვს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი და სტუდენტობის წლები – პირველი გაკვეთილი პირველ სკოლაში, შემდეგ გაგრის სკოლებში ბავშვებთან ქართული ენის შესწავლის საინტერესო საათები…
ერთხანს აფხაზეთის ტელერადიო კომიტეტ ჟურნალისტად მუშაობდა, ყველასათვის ნაცნობ და საბედისწერო შენობაში, საიდანაც ჟიული შარტავა და განწირული ქართველები გაიყვანეს აფხაზებმა დასახვრეტად
ამბობს, რომ ომამდე ფაქტობრივად ნაღმზე ისხდნენ ქართველები, მაგრამ მაინც ბედნიერი წლები იყო… პირველი ლექსებიც გაგრის გაზეთ „ავანგარდში“ გამოქვეყნდა. მას მერე წერს, აქვეყნებს, თარგმნის…  ძირითადად, რუსულ პოეზია აინტერესებს, მთავარი ავტორი კი მარინა ცვეტაევაა.
სამომავლოდ ლექსებისა და თარგმანების კრებულის გამოცემაზე ფიქრობს. – პოეტისა და მთარგმნელის მეგი მოლოდინის პერსონა.

– სოხუმში დაიბადეთ და გაიზარდეთ…

მამა, ბაბუა და ბებია – სოფლ შრომის (რომელიც უკვე აღარ არსებობს, აღგვილია პირისაგან მიწისა) ბაბუასეული სახლის კარალიოკების ჩეროში

–  ჩემთვის სოხუმი უპირველესად დედის ღიმილია და მამის თბილი ხელი… პატარა თმახუჭუჭა ძმის ცისფერი თვალებია, რომელთა ჩვეული დაკვირვებული მზერა დღესაც ადევნებს თვალს მთვარის ამოსვლას ზღვის ქვიშიან სანაპიროზე…
და, რა თქმა უნდა, საყვარელი ჯგუბურიას ქუჩა, მე-11 საშ. სკოლის კედლები, მერხის მეგობრები, მასწავლებლები – მათგან განსაკუთრებით დაწყებითის – ციალა გამსახურდია და ქართულის მასწავლებელი ცაცა ხუნდაძე, რომელმაც მასწავლა ის, რაც არის საფუძველი ადამიანში ადამიანური, მითუმეტეს, პოეტური სულის გასაღვივებლად…
ჩემი ბავშვობის მანათობელი სხივები – საყვარელი ბებია და ბაბუა, რომლებიც სოხუმთან ახლოს, სოფელ შრომაში განისვენებენ… არასდროს დამავიწყდება ბაბუაჩემის მონაყოლი ზღაპარი მწყერჩიტაზე, რომელმაც ბარტყები გადმოუგდო მელას და ბაბუს ცრემლიც, რომლის დანახვაზე გაკვირვებულს, საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს, ჯერ კიდევ პატარა, წინასწარ ვგრძნობდი შინაგანად, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი ადგილის დედის მომავალ ტრაგედიას… მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა ხატებთან დაჩოქილი ბებიაც, რომელიც უფალს ავედრებდა ომიდან შინმოუსვლელი 20 წლის შვილის სიცოცხლეს…
და დამამახსოვრდა ზღვა, ჩემი ზღვა, თავის ნიჟარებიან-მედუზებიანად, სულ სხვანაირი ზღვა, მთელი სამყარო ჩემთვის იმ ზღვაში აისახა, რომლის სურნელიც დღემდე მომყვება და მაცოცხლებელი ჟანგბადივით მავსებს, თავისკენ მეწევა სიზმარშიც და ცხადშიც, ის ადამიანივითაა, მასში განსხეულდა ჩემთვის ახლობლებისა და მეგობრების სულები, მათი ხმები, სიცილიც და ტირილიც… და მუზაც, თავისთავად…

მე-4 კლასში

სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრეთ. ალბათ საინტერესო იყო გარემო, პედაგოგები, რა დაგრჩათ მახსოვრობაში ყველაზე მკვეთრად სტუდენტობიდან?
– სტუდენტობა ძალიან ტკბილად მახსოვს. საკმაოდ კარგი მეგობრების შეკრული ჯგუფი და დიდებული პედაგოგები მყავდა, მათგან გამოვარჩევდი ცხონებულ ვახტანგ ვახანიას – ისტორიის უბადლო მცოდნეს, ბატონ ოთარ ჭურღულიას, საოცრად მჭევრმეტყველ და განათლებულ ადამიანს, უკეთილშობილეს ბატონ ჯემალ სილაგაძეს, შესანიშნავ ფილოლოგს – ტიტე მოსიას, ძალიან მიყვარდა ქალბატონი ეთერ ქაჯაია, რომელიც საზღვარგარეთის ლიტერატურას მიკითხავდა…
დიდი სითბოთი ვიხსენებ რეჟისორ დავით კობახიძეს, რომელიც თეატრალურ ხელოვნებას გვასწავლიდა… სპექტაკლიც დავდგით არჩილ სულაკაურის ,,უკეთუ გაცდუნებდეს” მიხედვით, რომელშიც მთავარ როლს ვასრულებდი… დიპლომებიც გადმოგვეცა ისეთი რეკომენდაციით, რომ სკოლაში გვეძლეოდა დრამწრის ხელმძღვანელად მუშაობის უფლება, თუმცა სკოლაში მას მერე არ მიმუშავია, არ ვიცი, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, კერძო პრაქტიკას მივყავი ხელი, აბიტურიენტებს ვამზადებდი ქართულ ენასა და ლიტერატურაში…

მშობლებთან ერთად

სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში ის პერიოდია, როცა ძირითადად ყალიბდება მისი პიროვნული ცნობიერება, შემეცნებისა და თვითგამორკვევისადმი წვდომის უნარი, იკვეთება მიზანი და ვითარდება გემოვნება. იმ პერიოდში გავეცანი ქართული და მსოფლიო კლასიკის ძირითად ნაწილს, რაც კი წამიკითხავს მთელი სიცოცხლის მანძილზე… ალბათ, ყველა ასეა, მითუმეტეს, ქალების უმრავლესობა, დაოჯახების შემდგომ რომ ვერ ასწრებს. დიდი სურვილის მიუხედავად, წიგნის დამარტოხელებას…
მახსოვრობაში ბევრ კარგ გასახსენებელთან ერთად დამრჩა ერთი საკმაოდ კურიოზული შემთხვევა, როცა ჩვენი ფაკულტეტის დეკანმა, ცინცხალი იუმორით ცნობილმა მურმან ბერიამ დამიბარა დეკანატში. ვერ წარმომედგინა, თუ რისთვის მიბარებდა და შეშინებულმა, ფრთხილად შევაღე მისი კაბინეტის კარი… დამინახა თუ არა, წამოდგა, მუხლებზე დაეშვა, ცერა თითი საჩვენებელ თითთან მიიტანა და მავედრებელი ხმით წაიჩურჩულა: შე კარგი დედ-მამის ცუდო შვილოო, გეხვეწები, ოდნავ, აი, ამდენზე მაინც დაუშვიო… რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი, ვერ გამეგო, რას მუბნებოდა… მერე კი, როცა იქ მყოფთა სიცილი გავიგონე, მივხვდი, რა თქმა უნდა, რომ კაბას გულისხმობდა, ჩემს მოკლე კაბას… მოგეხსენებათ, მაშინ ძალიან მოდაში იყო  და მინის ვატარებდით გოგონები, მაგრამ მე რატომ ამომიღო მაინცდამაინც მიზანში, სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდები…
– პირველი გაკვეთილი…

მე-10 კლასის მოსწავლეები

– ტკბილად მახსენდება ჩემი პირველი გაკვეთილი პირველ სკოლაში პრაქტიკის გავლისას, ლადო ასათიანის „კრწანისის ყაყაჩოები“ ავუხსენი ბავშვებს, დამსწრე კომისიის წევრებმა, მეგობრებმა და სკოლის წარმომადგენლებმა, ყველამ ერთხმად დამიწერეს უმაღლესი შეფასება…
გაგრის სკოლებში მუშაობდითახლა გაგრაც შორს დარჩაალბათ სკოლებიც აღარ დარჩა ქართული
– გაგრაში ინსტიტუტიდან განაწილებით მოვხვდი და ერთ სასწავლო წელს რუსულ და სომხურ სკოლებში ვასწავლიდი ქართულ ენას. უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული ვიყავი, 24 საათით კვირაში, ეს არცთუ ისე ცოტა იყო დამწყები მასწავლებლისთვის, მაგრამ მაბედნიერებდა ბავშვებთან მუშაობა, განსაკუთრებით რუსული სკოლის სადამრიგებლო მეოთხე კლასში. ისეთი მონდომებით სწავლობდენ ქართულ ენას, რომ დირექტორმა რამდენჯერმე საჯაროდ კრებაზე მადლობა გამომიცხადა, თქვენი მოსვლის მერე ამ ბავშვებს ვერ ვცნობო… სომხებიც გვარიანად ეკიდებოდნენ ქართულს, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მაინც ინტერესით მხვდებოდნენ და ითვისებდნენ, ალბათ, ჩემი ახალგაზრდული ასაკის ფაქტორიც მოქმედებდა, ვინ იცის… რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, სავარაუდოდ, უმძიმესი იქნება, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ქართულ სკოლას გალის რაიონში ავიწროებენ, ჩვენს ენაზე სწავლას კრძალავენ და გაგრაში, მითუმეტეს, ვინ გააჩერებს და გაახარებს?

სადამრიგებლო კლასი

აფხაზეთის ტელერადიოკომიტეტში კორესპოდენტად მუშაობდითრომელ სიუჟეტებს გაიხსენებდით?
– აფხაზეთის ტელე-რადიო კომიტეტი მთავრობის შენობაში იყო განთავსებული, ახლა უკვე იმ ყველასათვის ნაცნობ და საბედისწერო შენობაში, საიდანაც რამდენიმე წლის შემდეგ, ომის დროს ჟიული შარტავა და მასთან მყოფი განწირული ქართველები გამოიყვანეს აფხაზებმა დასახვრეტად…
მე იქ გარკვეულ ხანს ვიმუშავე, ბედნიერი წლები იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე დაწყებული იყო სეპარატისტული შეთქმულების წანამძღვრები… ეს ყველგან იგრძნობოდა, ყველა სფეროში და ჩვენთან, განსაკუთრებით, თუმცა მაინც ვცდილობდით, დაგვეცვა ურთიერთობები და სიფრთხილით ვეკიდებოდით ყოველგვარ უთანხმოებას, ფაქტობრივად ნაღმზე ვისხედით ქართველები… უთბილესი მოგონება მაკავშირებს ჩვენი ქართული რედაქციის რედაქტორთან, აწ განსვენებულ ადამ ადამიასთან, ჩემს ძველ მეგობარ თანამშრომლებთან, განსაკუთრებით საყვარელ მანანა დარჯანიასთან და ძვირფას ნათელა ბერიკაშვილთან. მყავდნენ, რასაკვირველია, აფხაზი მეგობრებიც, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მერე რაც მოხდა, არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება თავისი სასტიკი და არაკანონზომიერი გამოვლინებით…

ეთერ ქაჯაიასთან ერთად

მრავალ სიუჟეტზე მიმუშავია ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, მაგრამ მაინც გამოვყოფდი რადიონარკვევს სოხუმელ ექიმზე, ღირსეულ მანდილოსანზე – დარეჯან ჯოჯუაზე, რომელმაც ფაქტობრივად სიცოცხლე მიხსნა სწორი დიაგნოზის დასმით… როცა მანამდე, მთელი წლის განმავლობაში ვერ დაადგინეს ჩემი ავადმყოფობის მიზეზი…
სიამოვნებით მახსენდება შესანიშნავი სოხუმელი პოეტის, დიმიტრი გიგიბერიას იუბილესადმი მიძღვნილი  რეპორტაჟი, როდესაც თბილისიდან ჩამოსული ჩემთვის ძვირფასი მწერლები გავიცანი და გავესაუბრე…
– მაშინ მწერლების შექებაც  დაიმსახურეთ…
– მახსოვს, გურამ გვერდწითელმა მითხრა, სოხუმის მოციმციმე თვალი ხარო, რის მერეც სიხარულით დავფრინავდი, ქვეყანა ჩემი მეგონა, მაშინ მხოლოდ 23 წლის ვიყავი…
– თქვენს რეპორტაჟებში ფეხბურთელებიც მოხვდნენ…
– დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო ინტერვიუ მაშინდელი თბილისის ,,დინამოს” მეკარესთან, ოთარ გაბელიასთან, რომელიც ჩამოსული იყო სოხუმში თავისი გუნდის ღირსეული ,,გაჩემპიონებისთანავე”… ბევრი ვეძებე და ძლივს მივაგენი, ბარიდან გამოვიყვანე,  ძალიან გაუკვირდა და სიამოვნებით დამთანხმდა…
 პირველი ლექსები გაგრის გაზეთავანგარდშიგამოქვეყნდაშემდეგ სხვადასხვა გამოცემაში. პირველი ლექსები
– მხატვრული ლიტერატურა მამამ შემაყვარა ბავშვობიდან, თვითონაც მწერალი კაცი იყო, აფხაზეთში საკმაოდ პოპულარული იყო მისი რომანი „პოსეიდონის საიდუმლოება“… სიტყვამ მოიტანა და მამაზე, მის ფენომენზე ოდესმე დავწერ, მის მემუარებსაც გამოვაქვეყნებ, რომელთა დაბეჭდვა არ დასცალდა ყოფილ ჩეკისტს, „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკს, თუმცა სამშობლოზე და ეროვნულ მოძრაობაზე თავგადადებულს… ეს თითქოს პარადოქსია, და ვინმეს შეიძლება ფანტაზიად მოეჩვენოს, მაგრამ ვინც მას იცნობდა, იმედია, ყველა თბილად მოიგონებს და გაიხსენებს მის თამამ და მებრძოლ პუბლიცისტიკას…
პოეზია ძალიან მიყვარდა, როგორც ზღვა. ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დავიწყე და მახსოვს, სწორედ ზღვაზე იყო ჩემი პირველი ლექსიც…. ჯერ რომ სკოლის კედლის გაზეთებში დაბეჭდეს, მერე კი – ინსტიტუტის… სხვების ინიციატივით, თორემ მე პირადად, არც მაშინ და არც მერე ჩემი ფეხით არსად მივსულვარ, ლექსები დამიბეჭდეთ-მეთქი.
უბრალოდ, იცოდნენ, რომ ვწერდი ჩემთვის და როგორც დავალებას, ისე მავალებდნენ, მიმეტანა სკოლის გაზეთისთვის… გაგრაშიც, იქ მუშაობის პერიოდში, ჩემმა მეგობარმა, ვისთანაც ბინაზე ვცხოვრობდი, წაიღო რედაქციაში სამი ლექსი ისე, რომ მე არ გამაგებინა, იცოდა, რომ წინააღმდეგი ვიყავი… ასე მოხდა ჩემი ლექსების ,,ავანგარდული” ნათლობა.
შემდეგ იყო თბილისი…
– თბილისში, სხვადასხვა გამოცემაში, ბატონ სოსო სიგუას ძალისხმევით გამოქვეყნდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუძღვნი მას…. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს ძნელბედობის ჟამი ედგა, ძალზედ მტკივნეულად განვიცადე ის ტრაგედია, რაც სამხედრო გადატრიალებას და ეროვნული მთავრობის დამხობას, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საზარელ მკვლელობას მოჰყვა, ღამეებს ვათენებდი და ცრემლით ვწერდი… განსაკუთრებით მას მერე გამიმძაფრდა წერის მოთხოვნილება…
არასდროს მომიაზრებია ჩემი თავი პოეტად, მაგრამ ბოლოს ასე გამოვიდა…
მთარგმნელობითი მოღვაწეობაც ალბათ პარალელურად დაიწყეთ. თვალს ვადევნებ რუსული პოეზიის თარგმანებს…
– არა, თარგმნა რატომღაც, უწინ არასდროს მიცდია, სამი წელიც არ არის, რაც დავიწყე… ერთ საღამოს, სრულიად შემთხვევით, მეგობარი მთარგმნელი ქალბატონის თარგმანი წავიკითხე (მან დღესაც არ იცის, რომ მისი წყალობით დავიწყე თარგმნა და როგორი მადლიერი ვარ მისი, თუმცა აქვე ვამბობ დღეს, რომ ეს იყო ჯანა ამირეჯიბი… ) მარინა ცვეტაევას ცნობილი ლექსის, ,,მე მომწონს…” გახმაურებული ფილმიდან და უცებ, მეც მომინდა, მეთარგმნა ეს ჩემთვის საყვარელი ლექსი…
იმ ღამეს სამი საათის განმავლობაში ვუჯექი მას და ვთარგმნე, დილით, ჩემს ძვირფას მეგობარ ქალბატონს, მთარგმნელს, თამარ ხოჭოლავას ვაჩვენე (მისიც აგრეთვე ძალიან მადლიერი ვარ) და ვკითხე აზრი, რომელმაც მომიწონა ძალიან, მითხრა, დღესვე დადევითო, არავითარი შენიშვნა არ მაქვსო, აქო და ადიდა გახარებულმა, შემდეგ ჩემს მეა ივანისელსაც წავაკითხე, რასაც მისგანაც ოვაცია და სტიმული მოჰყვა, ავტვირთე ჩემს გვერდზე და აქედან დაიწყო ყველაფერი… მერე მოხდა ის, რომ უსათნოესი მეგობრის, ია ხასაიას რჩევით მთარგმნელთა კლუბში გავწევრიანდი…
მოკლედ, მეგობრებმა ,,გამხადეს“ მთარგმნელი და მას შემდეგ დღე ისე არ გავა, რომ რაიმე არ ვთარგმნო, ნარკოტიკივით გადამექცა ეს საქმიანობა, ისე მსიამოვნებს თარგმნის პროცესი… აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და უდიდეს მადლობას ვუძღვნი კლუბის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრე ელერდაშვილს, რომელსაც უზარმაზარი ღვაწლი აქვს ჩემი, როგორც მთარგმნელის, ჩამოყალიბებაში.
მე პირადად, ძირითადად, რუსულ პოეზიას ვთარგმნი, კლუბში კი ნებისმიერი ენიდან, პწკარედული თარგმანიდან ვაკეთებთ საკონკურსო თარგმანებს…
ჩემი ,,მთავარი ” ავტორი მარინა ცვეტაევაა, თარგმნილი მაქვს, ახმატოვას, ესენინის, ახმადულინას, ბლოკის და მთელი რიგი რუსი თუ ევროპელი პოეტების ლექსები….
1980 წლიდან თბილისში ცხოვრობთ. გვიამბეთ ოჯახზე
– დიახ, 1980 წლიდან თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ სანამ სოხუმი დაეცემოდა, მანამდე ხშირად დიდ დროს მაინც მშობლიურ ქალაქში ვატარებდი. ჩემი შვილი ირაკლიც იქ დაიბადა და თითქმის იქ გაიზარდა ხუთ წლამდე, საყვარელი ბაბუის – ნაპო გადელიას და ბებიის – თამარ იაშვილის ოჯახში…
ამჟამად, თითქმის სანახევროდ, ჩემი მეუღლის, ამირან ვეკუას დედ-მამის ოჯახში ვიმყოფები ხოლმე ზუგდიდთან ახლოს, სოფ. რიყეში. იქ, ენგურის გამოღმა ნაპირთან უფრო ახლოს მეგულება ჩემი ცხუმი და თითქოს უფრო ვგრძნობ მის გულისცემას…
მეუღლე პროფესიით ინჟინერია, ვაჟი კი – დიპლომატი, რომელთანაც ახლოს ყოფნის ბედნიერების დეფიციტს მტკივნეულად განვიცდი… მაგრამ საქმე ასე მოითხოვს და ახლობლები  ძალაუნებურად ვეგუებით. ირაკლის მეუღლე ანა იურისტია, მყავს სამი წლის შვილიშვილი ნიკე, რომელიც კვებავს და ასხივოსნებს ჩემს სიცოცხლეს…
როგორია აქედან დანახული დაკარგული აფხაზეთი? მას მრავალი ლამაზი სტრიქონი უძღვენით
– შემთხვევით არ ამირჩევია ფსევდონიმად „მოლოდინი“ –  შინაარსობრივი დატვირთვითა და ცნებით…  ჩემთვის აფხაზეთის დაბრუნების მოლოდინია მთელი არსით, დანარჩენს ჩემივე ვერლიბრით გეტყვით:

მამასთან ერთად

,,მე ოდესღაც ჩემი მზე მყავდა…
ციცქნა აკვნის მზე – თვალებფახულა და თვალჭუტია,
დედის ხელებივით თბილსხივება და ხალისიანი,
ჩალისფერჭორფლიანი ფერია,
ოქროს ნაწნავებით…
სულმხიარული ვიზრდებოდი მისი მეწყვილე,
როს მიღვივებდა ჩუმად ნაკვერჩხლებს, გულში მოციალეთ,
სიყვარულზე პწკართ ასანთებად…
სიზმრიდან გამოსულს, მეგებებოდა
სარკმლის ზღურბლიდან,
შემდეგ კი პალმების ლარნაკებს მიაშურებდა,
აშრიალებულთ,
რათა ყვითლად აყვავილებულიყო
მათ მწვანე ფრთებზე…
მანამ მითბო და მინათა ბალღობა
აკვნის მზემ,
ვიდრე ზღვაში არ ჩაესვენა და
პაწია ნიჟარაში არ ჩაიმალა…
მას მერე ვუცდი ზღვის მოქცევას,
ქანცმოლეული,
რომ ამოსხივდეს გამორიყული ნიჟარიდან
დამწყვდეული მზე,
ციცქნა აკვნის მზე – თვალებფახულა და თვალჭუტია,
ძიძა ჩემი ბალღობისა, მისი გამთბობი და
მანათობელი…
…და უფალს არ ვთხოვ სხვა ნეტარებას,
თუ არა ჩემი მზის დაბადებას –
კვლავ აღმოცენდეს ზღვიდან ციცქნა მზე,
რომ მაზიარა ერთ დროს მადლიანს,
ჩემი ადგილის დედის
უტკბეს რძეს… “

– ერთი ლექსი…  

 გვირილა

შვილთან ერთად სოხუმში

დღეს ბავშვობის გვირილა
ლექსში შემომიფრინდა…
მზის პაწია ქალწული
მომიგზავნა ირიდამ…
თითქოს არსად წავსულვარ,
ტალღა მაწვიმს ფიქრიდან,
გაბუტული წარსული
თბილად შემომირიგდა…
შენი შორი ღიმილის
მინდვრებისკენ მივქრივარ,
ძველებურად მინათებ,
ძველებურად გინთივარ…
დღეს ბავშვობის გვირილა
ლექსში შემომიფრინდა,
მზის პაწია ქალწული
მომიგზავნა ირიდამ…

ჰობი
– გამორჩეული ჰობი არ გამაჩნია, თუ არ ჩავთვლით თავისუფალ დროს საინტერესო წიგნის წაკითხვას და ფილმის ყურებას, ძალიან მიყვარს ცხოველები, თუმცა საყვარელი ძაღლის დაღუპვის შემდეგ დავიფიცე, რომ ბინაში ძაღლს აღარ ვიყოლიებ…
ისე კი ყველაზე საყვარელი ჰობი უკვე დღესდღეობით ჩემს ნიკესთან გართობაა… ამაზე კარგი რამ რა უნდა იყოს?
სამომავლო გეგმები
– ვფიქრობ, ახლო მომავალში, ახლობლებისა და მეგობრების თხოვნით და რჩევით, გამოვცე ლექსებისა და თარგმანების კრებულები, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა მომეცა…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები