“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ქვეყნის ინტერესებშია”
„ჩვენ მიერ წარდგენილ კანონპროექტს ექნება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის ინტერესებშიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა მხარეს შემდეგი პროცედურა: არის რამდენიმეეტაპიანი პროცედურა, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე, არის საკუთარი სტრუქტურის მქონე, გაგრძელდება მინიმუმ ორ თვეს და ეს ჩაივლის საზოგადოების ძალიან მყარი დაკვირვების ქვეშ, შესაბამისად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში, იქნება მიღებული, ასე ვთქვათ, ხარისხიანი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის უზრუნველყოფილი ჩვენი კანონპროექტით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, სამი ძირითადი შენიშვნა გამოითქვა, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანაა მკაფიო პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერა, რასაც მმართველი გუნდი უზრუნველყოფს.
„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავწეროთ მკაფიო პროცედურები და კრიტერიუმები და ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენ მიერ და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის ინტერესებში და არა გიორგი მშვენიერაძისა და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, კანონპროექტის მიმართ საერთო დამოკიდებულება დადებითია და გამოთქმულ შენიშვნებზე მუშაობა გაგრძელდება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამ საკითხზეც გვექნება შეთანხმება და შესაბამისად, ეს კანონპროექტი იქნება მიღებული ფართო მხარდაჭერით. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ვერ ექნება „ნაციონალური მოძრაობის”, გიორგი მშვენიერაძის და სხვა მსგავსი წარმომადგენლების მხარდაჭერა, თუმცა ექნება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის ინტერესებშიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველა იმ სუბიექტს, რომელიც იყო გუშინ წარმოდგენილი ჩვენს შეხვედრაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.