„ჩემო თბილისო… რა ლამაზი, კოხტა და წკრიალა დაგტოვე რამდენიმე ათეული წლის წინ“… – ორ მოძმე ერს შორის მეგობრობის დესპანი

ცხინვალში დაიბადა, სკოლა ქუთაისში დაამთავრა, სტუდენტობის ლამაზი ხანა კი თბილისს უკავშირდება… თუმცა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტს მე-5 კურსიდან ისრაელში მოუწია სწავლის გაგრძელება… მას მერე ცხოვრობს ხაიფაში. წლების განმავლობაში ხაიფის მთავარი არქიტექტორი იყო. აქვს კერძო არქიტექტურული ფირმა, უზომოდ შეყვარებულია საქართველოზე, რაშიც მასთან საუბარიც დაგარწმუნებთ.
ქართველ-ებრაელთა საქველმოქმედო  საზოგადოება „გულთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისი პრეზიდენტი იყო. ამ ხნის განმავლობაში მრავალი საშური და სასიკეთო საქმე გააკეთა.
ქველმოქმედის, ცნობილი არქიტექტორის, აბრაჰამ პაატა იოსების (იოსებაშვილი) პერსონა.

– ცხინვალში დაიბადეთ და გაიზარდეთ.  დედა ქუთაისელი იყო. რა დაგამახსოვრდათ?
– იოსებაშვილები ცხინვალიდან იყვნენ, მეც იქ დავიბადე და 4 წლამდე ვიზრდებოდი, შემდეგ ოჯახი ქუთაისში გადავიდა, მე-19 საშუალო სკოლა იქ დავამთავრე.
– თბილისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდით…
– 16,5 წლისამ ჩავაბარე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, სწავლის ოთხწლიანი პერიოდი ჩემთვის დიდი ცხოვრებისეული სკოლაც იყო. მაშინ გავიცანი ქართველი ებრაელი მხატვარი მორდეხაი (მიხაელ – მიშა) ჯანაშვილი, მისი შვილი, ცნობილი მხატვარი, ქალბატონი ცისანა ჯანაშვილი დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სტუდენტობის პერიოდში დავუმეგობრდი დათო აბესაძეს და „ცისფერი ტრიოს“ წევრებსაც – ჩემს თანაკურსელებს: მალხაზ თავართქილაძეს, თამაზ სეფერთელიძეს, ლამაზად მახსენდება მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე.
–  მხატვარ მიშა ჯანაშვილს, ქალბატონ ცისანა ჯანაშვილის მამას ახლოს იცნობდით…
– მიშა ძალიან თბილი ადამიანი იყო, განსაკუთრებით იზიდავდა ებრაელ ახალგაზრდებს, შემიყვარა, გულში ჩამიკრა, მამხნევებდა –  „ბავშვი ხარ, სხვა ქალაქიდან ჩამოსული, იცოდე, არაფერი გაგიჭირდება, შენში ჩვენი თემის ნიჭიერ და საიმედო ახალგაზრდას ვხედავო“… მის სამხატვრო სტუდიაში მისი უმშვენიერესი და ნიჭიერი ქალიშვილი ცისანა დადიოდა და საოცრად ხატავდა, დაახლოებით ჩემი ხნის იყო, „ცისანა ჩემი სინათლეა, ჩემი სიხარულია“, – ამბობდა ბატონი მიშა.

სურათზე; ქართულ- ებრაული მუზეუმი
ცისანა ჯანაშვილი, იზა ვეფხვაძე, ევა ბაბალშვილი, გივი ღამბაშიძე (მუზეუმის დირექტორი)

1974 წელს, საზღვრები გაიხსნა და ჩვენი ოჯახი, ამოვიდა ისრაელში. სწავლა ხაიფის მსოფლიოშიცნობილ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში განვაგრძე. მეხუთე კურსის დასრულება სწორედ აქ მომიწია.
სამხედრო – სავალდებულო მოვალეობაც მოვიხადე. ოჯახიც შევქმენი, თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მერე სიძნელეებიც გადაილახა და ქართველი ებრაელობა დღეს ერთ-ერთ ძლიერ თემად ითვლება ისრაელში. ქართული ენა და კულტურა არ დავივიწყეთ, პირიქით.
როცა ბატონ მიშას ისრაელში ამოსვლის ვიზის მიღება ვაცნობე, ცრემლებით დამილოცა გზა, შენ კარგი მომავალი გექნება ისრაელში, არ დაგვივიწყოო.
სამი წლის მერე მიშაც ამოვიდა ისრაელში ცოლ-შვილით. ძალიან მიყვარდა მიშას პირველი ცოლი, სათნო და საყვარელი ქალი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ამერიკაში, ნიუ-იორკში, ცინასას ხელებში დალია სული.
ცისანა ისრაელში დაქორწინდა, ორი შვილი შეეძინა, ვერ შეეგუა მამისა და დედის განქორწინებას,  დედასთან და ქმარ-შვილთან ერთად ნიუ – იორკში გადასახლდა საცხოვრებლად, იქ აერია ოჯახი, ქმარს გაცილდა და დედასთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. დედა მძიმე ავადმყოფი იყო, შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს. ცისანას უჭირდა ავადმყოფი დედის მოვლაც და ოჯახზე ზრუნვაც, ბეჯითი იყო, ხატავდა, თავს ირჩენდა, ძვირად შეფასებულ ნახატებს არ ყიდდა და მუზეუმებს ჩუქნიდა. მისი შედევრები ნიუ-ორკის მუზეუმებსა და გალერეებს ამშვენებს. მან  მამამისის და საკუთარი ათობით ნახატი უბოძა თბილისის ქართულ-ებრაულ მუზეუმს, თბილისის ეროვნულ მუზეუმს და ბაღდათის მაიაკოვსკის სახელობის მუზეუმს.
მიშა ჯანაშვილი იმ პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა, ხშირად იწვა საავადმყოფოში, თვალები გაუბრწყინდებოდა, როცა დამინახავდა: შორიდან ჩამოდიხარ, დაკავებული ხარ, ახალი შექმნილი ოჯახი გაქვს, ჩემთან ჩამოსვლით დროს ნუ დაკარგავო. უკიდურესად თავმდაბალი და კეთილი იყო ჩემი უფროსი მეგობარი და ჩემთვის სწორი გზის მაჩვენებელი.
ცისანასთან დიდი ხანია ვმეგობრობ… ავადმყოფობს და მგზავრობას ვერ ბედავს, ეშინია. სამი წლის წინ დავიყოლიე, თბილისში ჩამოსულიყო, შევპირდი, მის გვერდში ვიდგებოდი. თბილისში, ქართულ-ებრაულ მუზეუმში მისი და ბატონი მიშას (მორდეხის) ნახატების გამოფენა გაიმართა, გაიხარა უკეთილშობილესმა და უსაყვარლესმა ცისანამ, მეც მიხაროდა მისი სიხარული.
შემდეგ ბაღდათის ქალაქის გამგებლობამ და მაიაკოვსკის მუზეუმის მენეჯერმა, ბატონმა ბექა კუჭუხიძემ მიიწვიეს. დაჰპირდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო დაპირება ვერ შეასრულა.
ძალიან უნდოდა მამამისის და საკუთარი ნამუშევრები ეხილა, რომლებიც ჩემ მიერ შეკვეთილ ახალ, მშვენიერ ჩარჩოებში ჩაისვა.
– ხაიფის არქიტექტორად მუშაობთ, საკუთარი საპროექტო ოფისი ქართული ენა და კულტურა  არ დაივიწყეთ პირიქით, განაგრძობთ  საქართველოს სიყვარულს… 10 წელია ეწევით დიპლომატიურ საქმიანობას…
– სამსახურთან ერთად პარალელურად საზოგადო მოღვაწეობაც შევითავსე, ასე ვემსახურები ორი მოძმე ერის 26 -საუკუნოვან უნიკალურ მეგობრობას, ეს ცოცხალი დიპლომატიაა საქართველოს ქალაქებსა და სამთავრობო სტრუქტურებში…
– პირველად 20 წლის წინ დაბრუნდით საქართველოში…
– ისევ ქართველმა მეგობრებმა მომძებნეს, ისრაელში „ქართული ხმების“ კონცერტის დროს შევხვდი დათო აბესაძეს… ამაღელევებლი შეხვედრა იყო, მასე მერე მოსვენება დავკარგე და… ერთ მშვენიერ დღეს დავუბრუნდი საქართველოს, წარსულის მეგობრებს.
– ქველმოქმედება… ქართველი მეგობარი მოატარეთ წმინდა მიწაზეარაერთ ქართველ ახალგაზრდას დაულოცეთ გზა დიდი სამეგობრო წრის დახმარებით იზრუნეთ მათ შრომით მოწყობაზე საქართველოსა და ისრაელში.
– როდესაც 5 წლის წინ  ორი ქუთაისელი მეგობრის ქალიშვილები, უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის წითელდიპლომიანი ფრიადოსნები, თელ-ავივის უნივერსიტეტმა მიიწვია ორწლიან სადოქტორო კვალიფიკაციურ კურსებზე, საჭირო სახსრების უქონლობის გამო მათ სწავლაზე  უარი განაცხადეს.
მე და ჩემმა მეუღლემ, მარინამ ისრაელში წავიყვანეთ ეს უნიჭიერესი ახალგაზრდები, საკუთარ თავზე ავიღეთ ორწლიანი სწავლის, საცხოვრებელი ბინის, კვების, ტრანსპორტის და ყოველდღიური საჭირო თანხებით უზრუნველყოფა და საქართველოს დავუბრუნეთ კვალიციკაციური აღმოსავლეთ ენების, მათ შორის ივრითის, პროფესორები, რომლებიც ქუთაისის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტების ახალ თაობებს ზრდიან.
მამამისის საგანძურიდანისტორიული მნიშვნელობის, ძვირად ღირებული, პოლონეთში 1800იან წლებში გამოცემული ათობით ბიბლიური წიგნითორქართულ ებრაულ რესტავრირებულ მუზეუმს უბოძეთ
– დღეს ეს წიგნები ამ მუზეუმის ღირსეულ ექსპონატებად ითვლება. მსგავსი თორები დაცული და შემონახულია რესტავრაციის პროცესში მყოფი ახალციხის მუზეუმისთვის.
– თქვენი უშუალო ხელშეწყობით, ისრაელში ქართული ფილმების  წარდგენაც იმართება…
– ისრაელში ჩატარდა კინორეჟისორ ნინო ყოლანდარიას უნიკალური ფილმის -„ორი სამშობლოს“ წარდგენა. საკუთარი ინიციატივით ერთი წლის წინ ისრაელში კინორეჟისორ თენგიზ მალანიას მიერ ნეტარხსენებულ ჯემალ აჯიაშვილზე გადაღებული ფილმის წარდგენაც მოვაწყე.
– თქვენი ინიციატივით და სახსრებით ივრითულად ითარგმნება წიგნები, იმართება კონკურსები… მხარში უდგახართ მხატვრებსაც…
– ივრითულად ითარგმნა და გამოიცა ორენოვანი წიგნი მსახიობ იზა ვეფხვაძის სპექტაკლის – „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს”, რომლის წარდგენა ჩატარდა ისრაელში და საქართველოს ქალაქებში, პარალელურად ტარდებოდა ქალბატონ იზას სპექტაკლები.
ასევე,  ძვირფას ჩარჩოებში ჩაისვა ბაღდათის მაიაკოვსკის სახელობის მუზეუმში დაცული ჩვენი თემის დიდი მხატვრების -მორდეხ და ცისანა ჯანაშვილების უნიკალური ნახატები.
ვცდილობ, წვლილი შევიტანო კულტურის სხვადასხვა სფეროში ტალანტების ასარჩევ კონკურსებშიც.
– ქუთაისში  ორი ერის მეგობრობის ხეივანი გაშენდა…
– ინიციატორები მე, ქალბატონი იზა ვეფხვაძე და ბატონი გიზო თავაძე ვიყავით, წელს ისრაელიდან ჩავიტანეთ და დავნერგეთ ორი ზეითუნის ნერგი, მეგობრობის ხეივანი ხარობს და იზრდება.
–  გვიამბეთ ოჯახზე, შვილებზე… თქვენი შვილი – რან იოსები ისრაელის გმირია…
– მყავს ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი ქალი. ოთხივემ მოიხადა სავალდებულო სამხედრო მოვალეობა. რან-იოსები ოფიცერ- მაიორია, ომის გმირია, უკვე 28 წლისაა და არმიაში დიდი ნდობით სარგებლობს. მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა და მეომრებიც გადაარჩინა. ერთხელ დაჭრილი მკურნალობის დასრულებას არ დაელოდა, ჯარისკაცებთან გამოიქცა, ექიმს კი უთხრა, ჩემი ჯარისკაცები იხოცებიან და მე შინ რა გამაჩერებსო.
– ქართველ  ებრაელთა საქველმოქმედო  საზოგადოება „გულთა კავშირის” პრეზიდენტი იყავით. ორი ერის მეგობრობის გასაღრმავებლად ზრუნავდით. წმინდა მიწიდან ჩამოიტანეთ „გულთა კავშირის“ თაოსნობით გამოცემული ქართველი ებრაელი მწერლების პროზის და პოეზიის ანთოლოგია…
უკვე გამოცემულია ქართულ-ებრაული პოეზიის და პროზის ანთოლოგია. ამჟამად ქართველ ებრაელთა მხატვრების, ჭედური ხელოვნების წარმომადგენლებისა და მოქანდაკეების კატალოგის გამოცემაზე ვმუშაობთ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის განმტკიცებას. ჩვენ ხომ ორი სამშობლო გვაქვს – ისრაელი და საქართველო.
ჩვენ აქედან წავიღეთ მადლიერება,  სიყვარული,  კულტურა  და ამ  კულტურას,  ურთიერთობების კულტურას, ტრადიციას,  ისრაელში ვინახავთ და ვავრცელებთ.
უნდა შეიქმნას დოკუმენტური ფილმები ჩვენი ურთიერთობების შესახებ, დაიწეროს წიგნები, ნაშრომები, პუბლიკაციები, რათა მომავალმა თაობებმა უკეთ იცოდნენ, რას ნიშნავს ამ ორ ერს შორის ურთიერთობების უნიკალობა.
მახსოვს,  დედაჩემი თვალცრემლიანი  იხსენებდა საქართველოში  დარჩენილ  მეზობლებს. სანამ  მოვკვდები, წამიყვანე,  შვილო, საქართველოშიო. ისე  გარდაიცვალა დედაჩემი,  საქართველოში  ვერ ჩამოვიყვანე. დღემდე ვიტანჯები, რომ დედას სურვილით ვერ ავუსრულე.
– რას იტყვით დღევანდელი და უწინდელი თბილისის იერსახეზე?
– მე ვიტყოდი ასე: სად დაიკარგა თბილისი… თბილისი მახინჯდება,  შენობები ერთმანეთის გვერდიგვერდ  შენდება, დაცული არ არის ურბანისტიკის მინიმალური კანონები!
უჰაერო, უსინათლო და უჰორიზონტო ბინები მომრავლდა… მიდგომა კომერციულია – მთავარია აშენდეს თბილისის ძვირად ღირებულ ადგილებზე – ეს დანაშაულია!
განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ის უპატიებელი დანაშაული, რომ ერთი კორპუსის ბინების გამჭვირვალე ფანჯრები მეორე კორპუსის ბინების გამჭვირვალე ფანჯრებს ესაზღვრება, რითაც საშინლად ილახება მობინადრეების პირადი უფლებები!
ქართველ კოლეგა-არქიტექტორებთან საუბრის თემატიკა ყოველთვის არის თბილისი, სრულიად საქართველო და ყველაფერი მასთან დაკავშირებული – არქიტექტურა, ბუნება, ადამიანები, მოგონებები, ისტორია, ისტორიული ძეგლები….
რამდენიმე წლის წინ პროტესტითაც კი მივმართე თანაკურსელ მეგობრებს და კოლეგა-არქიტექტორებს, რატომ არ იღებენ ხმას თბილისის ასეთი უხეში დამახინჯების გამო, რატომ იკარგება უმშვენიერესი სკვერები. უწინ თბილისი მწვანე იყო, ისტორიული და კულტურული ძეგლები ლამაზად ჩანდნენ, ახლა მათ მაღალი შენობები ჩრდილავენ… სამწუხაროდ, მათი პასუხი ასეთი იყო: ჩვენ არავინ გვეკითხება,  პროტესტს აზრი არ აქვსო. ამტკიცებენ და აშენებენ, როგორც უღირთო…
ამაზეა ნათქვამი: „სადაც არაა მსაჯულება დაცული, იქ მსაჯულიც დაკარგულია“…  ვაიმე, ჩემო თბილისო… რა ლამაზი, კოხტა და წკრიალა დაგტოვე რამდენიმე ათეული წლის წინ…
– თქვენ, როგორც არქიტექტორს, კონკრეტულად რა შენიშვნა გექნებოდათ?
– მე, როგორც თბილისის (70-იან წლებში) პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი, შემდეგ ისრაელის ქალაქ ხაიფის არქიტექტორი, კარგად ვხედავ, ქალაქის ხელმძღვანელობის უდიერ დამოკიდებულებას დედაქალაქის იერსახისადმი.
ჩემი აზრი ასეთია: ამა თუ იმ ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე გასათვალისწინებელია არქიტექტორთა კავშირის დამოკიდებულება პროექტის მიმართ, მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებები, რეკომენდაცია და რაც მთავარია,  პროექტზე საბოლოო თანხმობა.
მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტები უნდა განიხილებოდეს და მტკიცდებოდეს  უზენაეს საპროექტო კომისიაზე, რომლის წევრებიც იქნებიან  ცნობილი არქიტექტორები, ქალაქების მთავარი ინჟინრები, მთავრობის წევრები. დამტკიცებამდე პროექტი უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, რომ მოსახლეობამაც გამოთქვას აზრი, მათაც ჰქონდეთ პროექტში ცვლილებების შეტანის უფლება.
მხოლოდ ასეთი პროცედურის გავლის შემდეგ უნდა ჰქონდეს უფლება კომისიას,  ისტორიული მნიშვნელობის ნაკრძალ ადგილებზე არ დაამტკიცოს სამშენებლო პროექტები.
თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მოსახლეობის, არქიტექტორების, ნაკრძალებისა და ბუნების დამცავი ორგანიზაციების მოვალეობაა, წინ აღუდგნენ მსგავს დანაშაულს და ხელი შეუშალონ  ასეთი პროექტების განხორციელებას.
იმედი მაქვს, მომავალში საქართველოს ქალაქებში, რომლის უმრავლესობასაც ვიცნობ, ყურადღებით მოეკიდებიან ამ საკითხს.
აქვე მინდა აღვნიშნო, მთავრობამ და ქალაქების ადგილობრივმა გამგებლობამ სასწრაფოდ საჭირო ზომები მიიღოს ავარიული ისტორიული და არაისტორიული მნიშვნელობის შენობების გასამაგრებლად, ისტორიული მნიშვნელობის შენობების რესტავრაცია აუცილებელია.
ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ საშუალო ზომის მიწისძვრაც კი  საქართველოში გამოიწვევს შენობების დაახლოებით 30% -ის ნგრევას და 30%-ის დაზიანებას. მათი შემდგომი ექსპლოატაცია დაუშვებელი იქნება, წარმოიდგინეთ ასეთი კატასტროფის შედეგები – მსხვერპლი, ეკონომიკის ნგრევა, ტურიზმის შეწყვეტა, განათლების სისტემის დამუხრუჭება…
– საზოგადოება გულთა კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს და მის ყოფილ პრეზიდენტს, მრავალი სიკეთის მკეთებელს, ახალი პროექტები გექნებათ…
– კიდევ მრავალი საქმე გველის წინ, სასიკეთოდ წამოწყებული პროექტების დასასრულებლად, ღონისძიებების ჩასატარებლად და დასახული მიზნების განსახორციელებლად, ორი მოძმე ერის საკეთილდღეოდ და მათი მომავალი თაობებისათვის საგანძურის შესაქმნელად.
სამომავლოდ, ისევ ვემსახურები ორი მოძმე ერის, უნიკალური და მსოფლიო მასშტაბით განუმეორებელი, 26-საუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობის გაღრმავებას და განტკიცებას.
ჯერჯერობით გაერთიანება „გულთა კავშირის” მეშვეობით, რომელიც ერთი წლის წინ დავაფუძნეთ, რომლის მოქმედების პირველ წელს მისი პრეზიდენტი ვიყავი, როტაციის წესით ამაყად გადავეცი ესტაფეტა  ერთი წლით არჩეულ ახალ პრეზიდენტს, ორი ერის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს – რობერტ აჯიაშვილს.
ვნატრობ იმ დღეებს, როცა შემეძლო, დრო დამეთმო ოჯახისთვის, განსაკუთრებით შვილიშვილებისთვის, რომლებიც იზრდებიან და მსაყვედურობენ, რომ მათთვის დროს ვერ ვნახულობ. დიდი სურვილი მაქვს, დავუბრუნდე ძვირფას ძმადნაფიცებს, სიყრმის მეგობრებს, რომელთა უმრავლესობა საქართველოშია. რა თქმა უნდა, ვაპირებ მოგზაურობის განახლებას კლასიკურ ევროპაში.  ევროპა ჩემი სისუსტეა, გატაცებაა საქართველოსთან ერთად, საქართველოც ხომ ევროპაა!

ბატონი პაატა იოსებაშვილი, მეცენატი და საზოგადო მოღვაწე, არქიტექტორი, საქველმოქმედო საქმიანობისთვის და ქართულებრაულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია სიგელებით, დიპლომებითარასამთავრებო ორგანიზაციების საპატიო წევრია.
ეს ჩამონათვალიც კი ცხადყოფს მის დამსახურებას და გამორჩეულ საქმიანობას საზოგადოებრივ ასპარეზზე:
პაატა იოსებაშვილი არის დიზაინერ-მეწარმეთა GEORGIA ISRAEL ასოციაციის და  არასამთავრებო ორგანიზაციის  SHALOM GLUB GURIA საპატიო წევრი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ისტორიულ და კულტურულ ძეგლთა გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი ისრაელში.;
„გურია კლუბის“ საპატიო წევრი.
მას განუწყვეტლივ იწვევენ სხვადასხვა ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და დიასპორის საკითხებზე გამართულ ფორუმებზე.
პაატა იოსებაშვილი არის – ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი,  დავით აღმაშენებლის აკადემიის პროფესორი, დავით აღმაშენებლის საპატიო დიპლომი და აკადემიის წევრი, ფაზისის საერო სამეცნიერო აჯადემიამ ორჯერ მიანიჭა აკადემიკოსის წოდება;
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა – კულტურის ამაგდარის წოდება. ასევე – გადაეცა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ჯილდომწერალთა კავშირის მიერ გამოცემული საქართველოს 100 წლის საიუბილეო წიგნი კავშირი გულთა“.
არის საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და საპატიო დიპლომანტი, რუსთაველის საზოგადოების საპატიო სიგელის მფლობელი, მას გადაეცა, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის სიგელი, საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული ჯილდო – ქართული არქეოლოგიური მონატები“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მადლიერების სიგელი; რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრიმადლიერების და პატივდების სიგელი
ქართულ-ებრაულ კულტურული ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეობა მიენიჭა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები