“ვერსია”: ბესელიას ნათელ-მირონობა სააკაშვილ-ადეიშვილის დროინდელ გავლენიან მოსამართლეებთან აკავშირებს – ვინ არიან წოწორია და მეიშვილი?

გაზეთ „ვერსიას“ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიას ნათელ-მირონობა სააკაშვილ-ადეიშვილის დროინდელ ორ გავლენიან მოსამართლესთან – ნონა წოწორიასა და ზაზა მეიშვილთან აკავშირებს.
გამოცემა იურიდიულ წრეებში ნაკლებად ჩახედული მკითხველისთვის განმარტავს, ვინ არიან ნონა წოწორია და ზაზა მეიშვილი და რით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას: “ნონა წოწორია, 2004 წელს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ დაინიშნა და მალევე, ამ სისტემაში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუხი კარდინალი გახდა. მას ჩრდილოვანი საქმეების მოსაგვარებლად სჭირდებოდა ისეთი ადვოკატი, ვისაც ენდობოდა და ფსონი თავის მეგობარსა და ჯგუფელზე, ეკა ბესელიაზე გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა და, როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ დაუდგა ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროს ფინანსური კეთილდღეობის ხანა. ნონა წოწორია, 2007 წელს, პროკურატურაში ნიკა გვარამიამ შეცვალა, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა.
საჯარო განცხადებებში, ხელისუფლებაცა და მმართველი პარტიის წევრებიც აცხადებდნენ, რომ სწორედ ნონა წოწორია იყო, ვინც მუდმივად ცდილობდა ევროსასამართლოში ხელი შეეშალა საქართველოდან გაგზავნილი საქმეებისთვის, რასაც მაშინდელი ოპოზიცია მუდმივად აპროტესტებდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ნონა წოწორიამ სტრასბურგიდან, ბოლოს, საზოგადოებას თავი ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლედ დაამახსოვრა. მას ვადა 2016 წელს გაუვიდა, მაგრამ იმის გამო, რომ კომისიაში, რომლის წევრიც ეკა ბესელია იყო, ახალი კანდიდატების წარდგენის პროცესი გაიწელა, წოწორიას ვადა ვანო მერაბიშვილის საქმის დასრულებამდე, ავტომატურად გაუხანგძლივდა”, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ზაზა მეიშვილი კიდევ უფრო სკანდალურად ცნობილ პერსონას წარმოადგენს.
“იგი 2006-2015 წლებში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და სისხლის სამართლის საქმეებზე წინა ხელისუფლების დროს მთავარ ზონდერად გვევლინებოდა. ადეიშვილისთვის ის შეუცვლელი კადრი იყო. 2015 წელს, როცა კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, მოვალეობის შესრულებაც მას დაეკისრა. სწორედ ამ დროს დასახელდა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, რომელსაც პარლამენტში პრობლემები შეექმნა. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ პრობლემების უკან ეკა ბესელია იდგა. ალბათ, ყველას გვახსოვს პირველ არხზე თეა წულუკიანის მწვავე ეთერი, რომელმაც ღიად განაცხადა, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს არ აირჩევდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ზაზა მეიშვილი შეასრულებდა, ეს კი დაუშვებელი იქნებოდა, რადგან „მეიშვილს მიუძღვის წვლილი, სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის „იმ ქვეყნად გასტუმრებაში,“ – ამბობდა მაშინ იუსტიციის მინისტრი. ეკა ბესელია ხშირად ამბობს, რომ ადეიშვილის მთავარი მოურავი სასამართლოში ჩინჩალაძე იყო, მაგრამ „ავიწყდება“ შენიშნოს, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით, სასამართლოს მეიშვილი მართავდა. შესაბამისად, მთელი რეპრესიული ვერტიკალი – გადავსებული ციხეები, ქონებაწართმეული ადამიანები, უსამართლო სასამართლო -ანუ ყველაფერი ის, რაც სააკაშვილის მმართველობას აქცევდა სისხლიან რეჟიმად – ზაზა მეიშვილზე იდგა.
ასე ჰქონდა დივერსიფიცირებული გავლენები ივანიშვილისაგან სისტემურ მენეჯერად შექებულ ზურაბ ადეიშვილს. დღეს ამ საქმეზე ეკა ბესელია მთავარ დამნაშავედ მურუსიძეს მოიხსენიებს და ხმას არ იღებს მეიშვილზე, რომელიც ორ ინსტანციაში არაფორმალურად, ხოლო მესამეში პირდაპირ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და საბოლოო განაჩენიც გირგვლიანის მკვლელებისთვის მას გამოჰქონდა – გირგვლიანის საქმე ხომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით განიხილა: ზაზა მეიშვილი, ი.ტყეშელაშვილი და ლევან მურუსიძე”, – წერს გაზეთი “ვერსია”. წყარო: “ვერსია”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები