„გვაქვს კონკრეტული დოკუმენტები“ – რატომ უპირისპირდება და რაში ადანაშაულებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მამუკა ხაზარაძეს

თი-ბი-სი ბანკისირგვლივ აგორებულ სკანდალს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ეხმაურება. “ელიტ ელექტრონიქსისდამფუძნებელი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალ ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ ფლობს დოკუმენტებს, რომლებიც ოფშორში დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ადასტურებს. გთავაზობთ ინტერვიუს ანზორ ქოქოლაძესთან, რომელიც “პრაიმტაიმმა” გამოაქვეყნა:

– რაც შეეხება კონკრეტულად 17 მილიონს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ღია წყაროებით არსებობს და რა ინფორმაციასაც ვფლობთ, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვამტკიცო – რა დოკუმენტური მტკიცებულებებიც გვაქვს, ეს ეხება 10 მილიონი დოლარის გადაქაჩვას ოფშორში და გათეთრებას, რომელიც უკავშირდება „ელიტ ელექტრონიქსს“ და „თი-ბი-სი ბანკს“, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პირადად ფიგურირებდნენ. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს დაიწყო 2009 წელს. კომპანია, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ვაშენებდი, ერთ ღამეში ფარულად გადაიფორმეს ნაციონალური რეჟიმის მხარდაჭერით, შემდეგ, როგორც დოკუმენტებით გაირკვა, 2012 წელს “თი-ბი-სი ბანკმა“ ოფშორულ კომპანია „დაუ ინვესტმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება 10 მილიონი დოლარის ვალდებულების 1,5 მილიონად დათმობის შესახებ და ეს 10 მილიონი დოლარი „ელიტ ელექტრონიქსიდან“ გადაქაჩეს ოფშორულ კომპანიაზე „დაუ ინვესტმენტში“. ამაში ჩართულები იყვნენ როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ისე მათი ბიზნესპარტნიორები მიხეილ ბენიმინი, საულ ზილბერშტეინი, დორი გროსმანი და ოდიტ შაჰნაი. როგორც ჩანს, ჩამოყალიბებული ჰქონდათ ოფშორულ კომპანიებში ფულის გადაქაჩვისა და შემდეგ გათეთრების გარკვეული სქემები. ამის უარყოფა შეუძლებელი იქნება, რადგანაც გვაქვს კონკრეტული დოკუმენტები, რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 2012 წელს თი-ბი-სი ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონი დოლარი „ელიტ ელექტრონიქსიდან“ ოფშორში გადაქაჩეს და გაათეთრეს.

ანუელიტ ელექტრონიქსსჰქონდა ბანკის ვალი და ბანკმა ამ ვალის მოთხოვნა დაუთმო ოფშორში არსებულ კომპანიას, რომლის უკანაც იდგნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე?

– დიახ. 10 მილიონი დოლარი მილიონ-ნახევრად გადაყიდა, ანუ გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თი-ბი-სი ბანკმა“ მიიღო ოფშორული კომპანიისგან მილიონ-ნახევარი დოლარი. ბანკმა დაკარგა დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი, ანუ სხვა აქციონერებს „მოუტეხეს“, ხოლო, თავის მხრივ, ბიუჯეტმა ამ სქემით 1,7 მილიონი დოლარი იზარალა მოგების გადასახადის ნაწილში, რადგანაც ბანკმა ეს თანხა ჩამოწერა, „ელიტ ელექტრონიქსიდან“ კი რეალურად გადაირიცხა ოფშორში. გარდა მოგების გადასახადის 20 პროცენტისა, დამატებით მოუწევდა 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი, პირად ანგარიშზე რომ მოეხვედრებინა თანხა. ანუ, ჯამში, ამ ტრანზაქციით ბიუჯეტმა დაკარგა 4 150 000 დოლარი. პროკურატურის ბოლო მასალებიდანაც დაახლოებით ანალოგიურ სქემას ვეცნობით. ერთ რამეს ვიტყვი – ვერც მამუკა ხაზარაძე და ვერც ბადრი ჯაფარიძე ვერ განახორციელებდნენ ვერცერთ კომბინაციას, რომ არა ნაციონალური ხელისუფლების მხარდაჭერა. ამ სქემებში მკაფიოდ ისახება, როგორც ხელისუფლების, ისე იმდროინდელი ეროვნული ბანკის მონაწილეობა, სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს – 17 მილიონი დოლარის გადატანას, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ავთანდილ წერეთელი უფრო მსხვერპლის როლშია. როგორც კლიენტს, სთხოვა, გადარიცხვა მოეხდინათ და ეტყობა, უარი ვერ უთხრა და უხერხულობაში და შარში გახვიეს. მაგრამ ეს თანხა, როცა ნახა, რომ არ იყო მთლად სწორი, ალბათ, მოითხოვა… მე ასე მგონია, რასაც ვხედავ ინფორმაციას, მოითხოვა, 2012 წელს თანხა განულებულიყო, ან გადაეტანათ და ამის გამო გადაიტანეს ოფშორულ კომპანიაში. ოფშორული კომპანიის სტილი, როგორც გითხარით, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, სავარაუდოდ სხვა შემთხვევებიც იქნება, „ელიტ ელექტრონიქსის“ შემთხვევაში კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს, რომ გადაქაჩეს და გაათეთრეს 10 მილიონი დოლარი. მე მოვისმინე მამუკა ხაზარაძის განცხადება, ეს თანხა ისევ „თი-ბი-სი ბანკს“ მოვახმარეთო. თუ ბანკს მოხმარდა, რატომ გადაქაჩეს ოფშორში, ეს ხომ ისედაც ბანკის თანხა იყო. თან, როგორც ირკვევა, ამ ოფშორსაც თვითონ ფლობდნენ. სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია „თი-ბი-სი ბანკს“ მოაკლო თანხა, აიღო კომპანიიდან, ოფშორში გადაქაჩო და გაათეთრო და შემდგომში, ფაქტზე წასწრებულმა იძახო, ვაძლიერებდი ბანკსო. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სავარაუდოდ, ამ სქემით სხვა პარტნიორებს „მოუტეხეს“ ეს თანხა. როგორც ვიცით, 21% მათ ეკუთვნით, ხოლო დანარჩენი 79% – სხვა პარტნიორებს.

პარტნიორები გასაგებია, მაგრამ დაზარალდა თუ არა ამ სქემით ბანკის მეანაბრეთა ინტერესები?

– ზოგადად, ნებისმიერი ბანკის ფული შედგება აქციონერებისა და მეანაბრეთა თანხებისგან და როდესაც დაუსაბუთებელი, მფლანგველური კრედიტები გაიცემა, ორივე აქტორი დგება დარტყმის ქვეშ. „თიბისის“ შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა ეს გარიგება, შესაბამისად, დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც, რადგან ეს ამოუღებელი 17 მილიონი გადაქაჩეს ოფშორში, ხოლო ბანკმა ჩამოწერა ეს თანხა. შესაბამისად, მოგების გადასახადის სახით, ანუ ამ თანხის 20%-ით, 3,4 მილიონი დოლარით დაზარალდა ბიუჯეტი. იმაზე მანიპულირება, რომ „თიბისი ბანკი“ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, და თუ რომელიმე აქციონერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეკონომიკას საფრთხეში ვაგდებთ – არასწორია, ამით ბანკს საფრთხე არ შეექმნება, თანაც, თუ დააკვირდებით, ბანკის დანარჩენი 79%-ის მფლობელ არცერთ აქციონერს არ გამოუხატავს პრეტენზია, რადგანაც ამ სქემებით, პირველ რიგში, თვითონაც დაზარალდნენ. ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ხელშეუხებელი ადამიანები. ნაციონალური რეჟიმთან ერთად ხაზარაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეულობით ადამიანს უკანონოდ წაართვა ქონება, რა პასუხს ვაძლევთ მათ?

მფლანგველური კრედიტები ახსენეთ. რას გულისხმობთ?

– „თი-ბი-სი ბანკი“ ხშირად გასცემდა დაუსაბუთებელ კრედიტებს, მათ შორის ციხეებში. დღეს რომ ნებისმიერი თქვენგანი მივიდეს და „თიბისი ბანკს“ მოსთხოვს კრედიტი, აუცილებლად მოსთხოვენ საბუთებს, შემოსავლებს, უზრუნველყოფას და ა.შ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ციხეში კრედიტის გაცემის, პატიმარს აძლევდნენ კრედიტს, შემდეგ ეს ფული მიჰქონდა ნაციონალურ რეჟიმს, წრედი იკვრებოდა. ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო როგორც „თი-ბი-სი ბანკი“, ისე ნაციონალური რეჟიმი, მათ შორის კეზერაშვილი, ადეიშვილი და ა.შ.

თუმცა ეს მაინც ვარაუდებიაგაქვთ რამე მტკიცებულებები?

– რა თქმა უნდა, ამის უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს. ამას არც უარყოფდნენ იმ დროს. მე კონკრეტულად მთავაზობდნენ ვახტანგ ბუცხრიკიძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ, თუკი 9 მილიონ დოლარად დავუთმობდი 51-პროცენტიან წილს „ელიტ ელექტრონიქსში“, ხელისუფლებასთან ყველა პრობლემას მოაგვარებდნენ, მათ შორის, ადეიშვილთან. ადეიშვილი შენ არ გენდობაო. შემდგომში, მართლაც ისე გამოიკვეთა, სინქრონში ხდებოდა ყველა პროცესი, ანუ ხელისუფლებისა და „თი-ბი-სი ბანკის“ მოქმედებები ჩვენთან მიმართებაში იყო სინქრონში. ბევრი სხვა შემთხვევაცაა, თუნდაც, „კონსტანტა ბანკის“ შემთხვევა. ჯერ დააპატიმრეს დამფუძნებელი, მერე ღამის 2 საათზე გამოიყვანეს საპატიმროდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში მიიყვანეს, ღამის 2 საათზე მოაწერინეს ხელი და 12 მილიონი კრედიტი გამოუყვეს, ხელისუფლებამ წაიღო ფული, ხოლო „კონსტანტა ბანკი“ „თიბისი ბანკმა“ წაიღო. ასე იყო თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაში, პატიმარ კაცს 6 მილიონი გამოუყვეს კრედიტი, რომელიც პირდაპირ ნაციონალურმა რეჟიმმა წაიღო. ანალოგიური შემთხვევა ბევრია. ეს ისეთი შემთხვევებია, რომელთა უარყოფა ძალიან ძნელია, არსებობს მტკიცებულებები და იმის მტკიცება, იყო თუ არა „თი-ბი-სი ბანკი“ ნაციონალურ რეჟიმთან, ერთმნიშვნელოვანია. დღეს ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს. ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები