საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა

0

საქართველოს მონტენეგროს პრეზიდენტი ეწვევა. მილო დუკანოვიჩმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ დიდ პოტენციალს, ასევე, აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
პრეზიდენტმა დუკანოვიჩმა საქართველოს მთავრობის მეთაური მონტენეგროში მიიწვია.
“პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველდღიურად ღრმავდება. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე პრემიერ-მინისტრი მონტენეგროში მივიწვიე, მანაც დამპატიჟა თბილისში, რასაც სიხარულით დავთანხმდი. აღვნიშნეთ, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესება, თუმცა ასევე შევთანხმდით, რომ პრიორიტეტი მაინც ეკონომიკური თანამშრომლობაა. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ გამოცდილება, კერძოდ, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში და ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველო არის მონტენეგროს მეგობარი ქვეყანა და მონტენეგროც საქართველოს მეგობარია. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მნიშვნელოვან ურთიერთობებს და ორმხრივ თანამშრომლობას”, – განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი