სოფელ კურდღელაურში აეროდრომი და თბილისის საავიაციო ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნება

  თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში უახლოეს მომავალში აეროდრომი და თბილისის საავიაციო ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნება, – ამის შესახებ დღეს აეროდრომზე პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა აეროდრომი დაათვალიერა და მფრინავებს გაესაუბრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც მთავრობის მეთაურს განუმარტეს, აეროდრომი 20 წლის შემდეგ კვლავ იფუნქციონირებს და რეისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შესრულდება. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თუშეთი იქნება, ვინაიდან აღნიშნულ მარშრუტზე ტურისტების დიდი მოთხოვნა არსებობს.
თბილისის საავიაციო ინსტიტუტის დირექტორმა სერგი სტეფნაძემ კი პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში თელავში ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნება, რომელიც მოამზადებს მფრინავებს, როგორც სამოქალაქო ავიაციის, ისე – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, რაც აქამდე მხოლოდ საზღვარგარეთ ხდებოდა და დიდ თანხებს უკავშირდებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,საჰაერო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია, თელავის აეროპორტი კი ამ მხრივ სანიმუშო ბაზასწარმოადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მფრინავთა ადგილზე მომზადებით საბიუჯეტო თანხა დაიზოგება. მანვე წინადადებით მიმართა საავიაციო ინსტიტუტის დირექტორს, წარმოადგინოს იდეა, რათა მსგავსი ტიპის თვითვმფრინავების წარმოება საქართველოში იყოს შესაძლებელი.
თელავის აეროდრომზე პრემიერ-მინისტრის სტუმრობისას პირველი საჩვენებელი რეისიც შესრულდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7ewp0aShx44″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები