საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 27 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან იური ფირცხალაიშვილთან ერთად, პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამშრომლები შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობით, 15 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსის მადლობით დააჯილდოვა.
„ სანაპირო დაცვა დღეს მტკიცედ დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და საკვანძო როლს ასრულებს ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, სანაპირო დაცვის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ამოცანებს”. – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა.
ღონისძიებას ფოთის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან და ფოთის მერთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.