სასულიერო პირი: არის შემთხვევები, როცა, სამართალდამცველების ხისტი დამოკიდებულების გამო, ოჯახები ინგრევა

“არის შემთხვევები, როცა, სამართალდამცავი ორგანოების ხისტი დამოკიდებულების შედეგად,  ოჯახები ინგრევა, ან უკიდურეს გაჭირვებაში რჩება”,  – ამის შესახებ მთაწმინდის, ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი ფირცხელანმა, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, ოჯახური ძალადობის რეგულაციებთან დაკავშირებით, რიგი პრობლემები არსებობს. როგორც მამა გიორგიმ აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადეობა და სამართლადამცველები კარგად გაერკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა არის ძალადობა. მისივე თქმით, ძალადობისა და კონფლიქტის აღრევა არ უნდა მოხდეს. კონფლიქტი სხვაგვარად უნდა დარეგულირდეს, ხოლო ძალადობის შემთხვევები ყველანაირი სიმკაცრით აღიკვეთოს.
„რამდენიმე დღის წინ, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, დიდი წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის, მათ შორის – შსს-ს, პროკურატურის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ასევე, იყვნენ სახალხო დამცველის, unicef-ის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა ვმსჯელობდით საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ძალადობის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეკლესია ჩართულია ამ საკითხში.
პრობლემა არის ის, რომ ძალადობის აღკვეთას თავისი გზები აქვს –  როგორც პირდაპირი, ისე – არაპირდაპირი. პირდაპირი გზა  არის მოძალადის იზოლაცია. არაპირდაპირი გზა არის უფრო მნიშვნელოვანი – როცა ჩვენ ვმსჯელობთ იმ სიღრმისეულ მიზეზებზე, თუ რის საფუძველზე წარმოიშობა ძალადობა. შეხვედრის დროს,  სხვა პრობლემა გამოიკვეთა – იქ წარმოდგენილი იყო ოჯახი, რომელიც, ფაქტობრივად, დანგრეულია – სამშვილიან გოგონას, როგორც ყველა ოჯახში ხდება ხოლმე, რაღაც კონფლიქტი წარმოეშვა მეუღლესთან. მოვიდა მეზობლების გამოძახებული პატრული.  ეს ბიჭი აღმოჩნდა ციხეში – რამდენიმე წლით. ისინი  უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, აღსარებების დროს, კრებს ინფორმაციას  მოსახლეობისგან.  აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები ბევრ მოძღვარს დაუგროვდა. მე პირადად, ჩემს მრევლში ასეთი ოთხი შემთხვევა მაქვს – როცა, სამართალდამცველი ორგანოების ხისტი დამოკიდებულების შედეგად, ოჯახები ინგრევა, ან უკიდურეს გაჭირვებაში რჩება – უკიდურესად რთულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ძალადობის პრობლემა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეგულაციები შეიცავს ხარვეზებს და ეს ხარვეზები საგანგაშოა. ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას და კიდევ რომ ხელოვნურად შეიქმნას რაღაც მიზეზები ოჯახების ნგრევისა, იქნება ძალიან ცუდი.

ბრიფინგი ეძღვნება იმას, რომ ასეთი შემთხვევები, რომლებიც დამალულია საზოგადოებისთვის, ეკლესიისთვის გახდეს ცნობილი. ეკლესია გაუწევს მედიაციას მთავრობასთან, პარლამენტთან იმას, რომ ასეთი შემთხვევები აღმოიფხვრა . ვითხოვთ, გამოშვებული იქნან ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც უკიდურესად დაზარალდნენ ამ ყველაფერით. ბოროტება კი არ შემცირდა მათი იზოლირებით, არამედ გაიზარდა. ჩვენი ბრიფინგის მიზანია, რომ ეს ბოროტება კი არ ხარობდეს, არამედ შემცირებული იყოს. აუცილებელია, საზოგადოება და სამართლადამცველები, პატრული, კარგად გაერკვნენ იმაში, თუ რა არის კონფლიქტი და რა არის ძალადობა. ეს უნდა გაიმიჯნოს, გაივლოს საზღვარი, რათა არ მოხდეს ძალადობისა და კონფლიქტის აღრევა. ეს სხვადასხვა ცნება გახლავთ. კონფლიქტის დარეგულირება სხვანაირად უნდა მოხდეს. ძალადობის შემთხვევები, რა თქმა უნდა, აღკვეთილი უნდა იყოს ყველანაირი სიმკაცრით. ეკლესია, ცხადია, ამის მომხრეა. პირველი, რაც უნდა მოხდეს, არის გარკვეული ინფორმაციული სამუშაოს ჩატარება მათთან, ვისაც  ასეთ პრობლემებზე უხდება რეაგირება, რათა კონფლიქტი და ძალადობა ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს“, –  განაცხადა მამა გიორგი ფირცხელანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები