ქეთევან ციხელაშვილი: საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება
„სამწუხაროდ და საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება“, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, გალის რაიონის სოფელ განმუხურიდან ორი ადამიანის გატაცების საკითხზე კომენტარისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი გაუმართლებელია და უკანონო მოქმედებაა: „საუბედუროდ და სამწუხაროდ, ზუსტად ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი – მუდმივად, გარკვეული პერიოდულობით, ამგვარი თუ სხვა პროვოკაციული მოქმედებების გახორციელება. ამ შემთხვევაში, გვაქვს პირველი ოპერატიული ბერკეტი, რომელიც უკვე ამოქმედებულია – ეს არის ცხელი ხაზი და პარტნიორების ინფორმირება და ჩართულობა დაუყოვნებლივ, რომ კონკრეტულად ეს პირები იყვნენ გათავისუფლებული. მეორე გახლავთ ის, რომ ამას თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები აქვს და ეს ცალსახად, ყველა შემთხვევაში, არის მიუღებელი, გაუმართლებელი, უკანონო მოქმედება”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა განმუხურიდან ორი პირი გაიტაცეს. როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ორივე მათგანი დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და, აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად, მუშაობა მიმდინარეობს.