„სააკაშვილმა ბელგიაში ქართველებს 7 ნოემბერი მოუწყო“

„სააკაშვილმა ბელგიაში ქართველებს 7 ნოემბერი მოუწყო“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას სთავაზობს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოდან „გაქცეულმა მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი სიგუამ 10 თებერვალს, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, „საცირკო წარმოდგენა“ გამართეს.
„შეუძლებელია, სააკაშვილი და საქართველო ერთდროულად გიყვარდეს! ან საქართველოსთან უნდა იყო ან – სააკაშვილთან! ლიეჟში სააკაშვილისთვის ტაშის დასაკრავად ჩასულმა ემიგრანტებმა საქართველოზე უარი თქვეს. იმავე ლიეჟში სააკაშვილისათვის უარის სათქმელად ჩასულმა ემიგრანტებმა კი საქართველო აირჩიეს.
დიახ, არაერთი ქართველი ემიგრანტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ბელგიაში იმის დასაფიქსირებლად ჩავიდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია და არ სურს, საქართველოში 9-წლიანი ნაცისტური კოშმარის რეანიმაცია მოხდეს. თუმცა, პატრიოტი ქართველი ემიგრანტები იმ დარბაზში, სადაც სააკაშვილი თავისი სექტის მიმდევრებს ხვდებოდა, არ შეუშვეს. მეტიც, სააკაშვილის მხარდამჭერებმა, რომელთა შორისაც საქართველოდან ჩასული ზონდერებიც მრავლად იყვნენ, „წიწაკიანი“ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს იმ ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დარბაზში შესვლისა და სააკაშვილისთვის კითხვების დასმის სურვილს გამოთქვამდნენ.
მათ შორის იყო, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც სააკაშვილისთვის სიმართლის თქმას პირადად აპირებდა და ლიეჟში საგანგებოდ ჩავიდა. მან როგორღაც მოახერხა იმ ნახევრად ცარიელ დარბაზში შეღწევა, სადაც სააკაშვილი საცირკო წარმოდგენას მართავდა და ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს დემაგოგიით ჭყიპავდა, თუმცა თემურ შაშიაშვილს ხმის ამოღება არ აცალეს, ვიღაც „ამბალებმა“ აქეთ-იქიდან ხელკავი გამოსდეს და დარბაზი დაატოვებინეს“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები