„ევროპული საქართველოს” ექსპერიმენტი – ანონიმური წერილი განათლების სამინისტროში არ მიიღეს(ვიდეო)

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა მინი ექსპერიმენტი ჩაატარეს. პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა განათლების სამინისტროში ანონიმური წერილი მიიტანა, რომელიც სამინისტროს კანცელარიაში არ ჩაიბარეს.
„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა, განმეორდებოდა თუ არა ანალოგიური ფაქტი, რაც 2018 წლის ნოემბერში მოხდა. რა დროსაც, განათლების სამინისტროში შესული ანონიმური წერილის საფუძველზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმება დაიწყო, რომლის დირექტორი ია კერზაია იყო.
„დღეს ჩავატარეთ მინი ექსპერიმენტი განათლების სამინისტროში. მივიტანეთ წერილი/საჩივარი (რა თქმა უნდა, ფიქტიური), რომელსაც აწერია ფიქტიური სახელი და გვარი და ფიქტიური მისამართი (ზუსტად ისე, როგორც ლავრენტი ქირიას ანონიმკის შემთხვევაში).
განათლების სამინისტროში, რა თქმა უნდა, გვიპასუხეს, რომ ასეთ საჩივარს არ მიიღებენ.
სახელი, გვარი და მისამართი თუ აწერია, მაშინ პირადი ნომერი და ტელეფონიც უნდა ეწეროსო.
ლავრენტი ქირიას ანონიმკას სახელი და გვარი და მისამართი ეწერა. პირადი ნომერი და ტელეფონი – არა.
ლავრენტი ქირიას ანონიმკა მაინც ჩაიბარეს.
არათუ ჩაიბარეს, მის საფუძველზე ეგზეკუცია მოაწყვეს. ნახევარ დღეში გააფორმეს მივლინება.
8 ნოემბრის 14:30-ზე შევიდა ქირიას საჩივარი, მინისტრი 2 წუთში გაეცნო. 3 საათში მთელი სისტემა შემოიარა წერილმა. 18:00-ზე ეგზეკუციის მოწყობის მინისტრის ბრძანება განთავსდა ელექტრონულ სისტემაში და მივლინების ბრძანება დაიწერა 18:01-ზე! ტექსტი მაინც როგორ აკრიფეს ამ 1 წუთში?
ზუგდიდში გენინსპექციის ჯგუფი გაემგზავრა 9 ნოემბრის დილის 4 ან 5 საათზე, რადგან 10 სთ-ზე უკვე მე-6 საჯარო სკოლაში იყვნენ.
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, განათლების მინისტრო“, – წერს სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე და ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს.
ცნობისათვის, გუშინ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმება ანონიმური წერილის საფუძველზე დაიწყეს.
„ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შესახებ 2018 წლის ნოემბერში შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო სანიტარულ, ჰიგიენურ, კომერციულ საკითხებზე დარღვევის შესახებ. იმავე დღეს გამოიცა ინსპექტირების ბრძანება და ის, რომ დროულად მოხდა რეაგირება, არის ჩვენი უპირატესობა და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევებზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. შემოწმების შედეგად, გამოვლინდა აღნიშნული დარღვევები და სხვა დარღვევებიც. მოგვიანებით შემოვიდა ქალბატონ ია კერზაიას განცხადება წერილობითი ფორმით. ამ წერილში რაიმე სახის ზეწოლაზე ან უხეშ ქმედებებზე მითითება არსად ყოფილა. ქალბატონი ია გამოხატავდა მზაობას რეკომენდაციების შესრულებაზე და აღნიშნავდა, რომ ის ითვალისწინებს აღნიშნულ რეკომენდაციებს. სამეურვეო საბჭომ 30 ნოემბერს ათზე მეტი დარღვევა გამოავლინა და მიუთითა, რომ უკვე გამოსწორებულია უმეტესი ნაწილი, ხოლო რიგი საკითხები გამოსწორდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მანამდე, კერძოდ, იმავე წლის ნოემბერში სკოლაში მოქალაქის წერილის საფუძველზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა შემოწმება დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალება პოლიტიკურ ზეწოლას მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები