შს მინისტრი: ახალი დროებით მოთავსების იზოლატორები აღჭურვილია კამერებით და ჩანაწერები 120 საათი ინახება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული პრეზენტაციის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„მოგეხსენებათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის პირდაპირ ვალდებულება ეკისრება. 2018 წელს საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა -სარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, წესრიგში მოსაყვანი. რაც მთავარია დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქურა აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი. კამერები მნიშვნელოვანია, რადგან ეს იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, ჩვენს თანამშრომლებსაც.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ყველაზე დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება – თბილისს ექნება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი. აბსოლუტურად თანამედროვე და საკმაოდ დიდი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის უფლებების ნაწილში შესაბამისი სტანდარტის დაცვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშის წარდგენას სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები