„შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გენერალურ პროკურორს ჩემს შესახებ პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან”

ზაზა სარალიძემ და მისმა ადვოკატმა გენერალური პროკურატურის შენობა დატოვეს.
ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად მომავალ კვირას სამშაბათს, 12 თებერვალს მთავარ პროკურატურაში შალვა თადუმაძეს და პროკორორებს შეხვდება.
როგორც ზაზა სარალიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რომლის პასუხებს გენერალური პროკურორისგან ელის.
„შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს ჩემს შესახებ პროკურორები არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მხედველობაში მაქვს ის პროკურორები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართული საქმის გაყალბებაში. თუნდაც ის ფაქტი, რომელიც 2 დღის წინ სააპელაციო სასამართლოში მოხდა. ამის შესახებ დავუსვი კითხვა, მაგრამ პროკურორებს მისთან სულ სხვა ინფორმაცია აქვთ მიწოდებული. ამიტომ შევთანხმდით, რომ სამშაბათს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას დაესწრებიან ის პროკურორებიც, რომლებიც სხვადასხვა საქმეს წარმართავენ“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამამ ჟურნალისტებთან ის საკითხები, რის გამოც მას გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს, არ გაახმაურა.
მისი თქმით, იგი მომავალ კვირას შეხვედრაზე ყველა პრეტენზიას შალვა თადუმაძესთან კიდევ ერთხელ გააჟღერებს, რომლებსაც პროკურორებიც მოისმენენ.
აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძემ, ვიდრე გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს შეხვდებოდა, მანამდე საგამოძიებო უწყების ეზოში თვითდაზიანება მიიყენა.
იგი შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა სამშაბათს ისე გადაიტანეს, რომ ამის შესახებ ზაზა სარალიძე ინფორმირებული არ იყო. მას პროკურატურის ეზოს ტერიტორია რამდენიმე სამართალდამცველმა იძულებით დაატოვებინა. აღნიშნულ ფაქტს მისი გაღიზიანება მოჰყვა და თვითდაზიანება მიიყენა. მას თავი აქვს გატეხილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები