„ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია“ – ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი პროექტი

„ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია“ – ამ სათაურით სამეცნიერო- კვლევითი პროექტის ფარგლებში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით „ზამთრის სკოლა“ გაიმართა.
როგორც „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოცამდე სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებმა.
უნივერსიტეტის პრესსამსამსახურის ინფორმაციით, მომავალ აბიტურიენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტს თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების აშენებულია საქართველოს მასშტაბით ყველა სტრატეგიული ობიექტი – კორპუსები, ხიდები, გვირაბები, ელექტროსადგურები თუ სხვა.
„თუ რომელიმე თქვენგანი გადაწყვეტს ჩააბაროს ჩვენთან, მინდა გითხრათ, რომ აქ დაგხვდებიან დიდი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. უნივერსიტეტი არის საინჟინრო აზროვნების ერთი-ერთი უმსხვილესი სასწავლებელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, რომელსაც მსოფლიოს მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან აქვს სამეცნიერო კავშირები, ჩვენ მათთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროექტებს ვახორციელებთ. დღეს ჩვენი შეხვედრის ინიციატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. თქვენ იკითხავთ, სად სამართალი და სად, ვთქვათ მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა?
თქვენ გაგიგიათ გუგლი, ამაზონი… წარმოიდგინეთ გუგლს უნდა თანამშრომლის აყვანა. თქვენ მეტყვით, რომ მას სჭირდება IT-მიმართულება. არადა, გუგლს ესაჭიროება 50% IT-მიმართულების სტუდენტი, 50% – ჰუმანიტარული მიმართულებით. თქვენ იტყვით, რატომ ითხოვს გუგლი ან ამაზონი ჰუმანიტარებს. აღმოჩნდა, რომ ბიზნესის წარმატების მთავარი ნიშანი კრეატიული აზროვნებაა. ამიტომ, დღეს ყველაზე წარმატებული ადამიანია ის, ვინც ყველაფერში ერკვევა, რადგან ჩაკეტილი სივრცეები ეფექტურად არარ მუშაობს.
რა სჭირდება დღეს საზოგადოებას? სამშენებლო სამართალი, რომლის სპეციალისტები არ გვყავს; ენერგეტიკული სამართალი, რომლის სპეციალისტებიც ასევე არ გვყავს; კოსმოსური სამართალი – თქვენ შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ, რომ კოსმოსს სამართალი სჭირდება, მაგრამ ფაქტია, დღევანდელობამ ეს საჭიროება მოიტანა. თექნიკურ უნივერსიტეტში ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, ვქმნით სახელმძღვანელოებს.
მოკლედ, რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი რანგის პროფესორები და საინტერესო პროექტებია და ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დიდ პროექტებში მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.
მომავალ აბიტურიენტებს ზამთრის სკოლისა და განსახილველი თემის შესახებ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ესაუბრა.
მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტი მთლიანად სტუდენტების მოთხოვნებზეა ორიენტირებული.
„ჩვენთვის უმთავრესია სტუდენტი, რომელსაც უნდა მივცეთ ცოდნა და პროფესია, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება ზამთრის სკოლას, ჩვენს ფაკულტეტეზე ხორციელდება სამეცნიერო პროექტები და ერთ-ერთი მათგანია „ბავშვთა უფლებები“. პროექტის არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა ეფექტურად შევიმუშავოთ და ავამუშავოთ ამ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები. კვლევების მომზადებაში გვინდა, თქვენც ჩაერთოთ, თქვენგან მოვისმინოთ, თუ რა პრობლემები არსებობს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. სწორედ ამ პროექტის ეგიდით ტარდება ზამთრის სკოლა. თქვენ გაეცნობით რეგულაციისა და პრობლემების გადაჭრის მექანიზმებს“, – აღნიშნა ირაკლი გაბისონიამ.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის – “ბავშვთა უფლებები” – ფარგლებში, ზამთრის სკოლაში სხვადასხვა სკოლის 160 მოსწავლეა ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები