ალექსანდრე ძნელაძე: დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოს რეალობისთვის ამბიციურ პროექტს წარმოადგენს

„დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოს რეალობისთვის ამბიციურ პროექტს წარმოადგენს“, – ამ სიტყვებით აფასებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ქვეყანაში მიმდინარე საპენსიო რეფორმის საკითხს.
ამასთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი მიესალმება სახელმწიფოს „მზაობას“ მოქალაქეებისთვის უზრუნველი სიბერის უზრუნვესაყოფად.
„გრძელვადიანი რესურსი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს 2-2%-იანი დანაზოგების აკუმულირებით შეიკრიბება სტიმული გახდება ქართული კაპიტალის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის.
მიუხედავად 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნებაყოფლობითობისა, ჩაერთონ თუ არა საპენსიო სქემაში, დარწმუნებული ვართ, რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს.
სახელმწიფოს მზაობა, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში დააბანდოს გადასახადებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოქალაქეების უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად მისასალმებელია, დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ასევე მოიცავს თვითდასაქმებულების და უმუშევრების საპენსიო სქემების დაახლოებას დასაქმებული პირების დაგროვებით პენსიასთან“, – აცხადებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რის თანახმადაც, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო რეფორმა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის – ნებაყოფლობითი.
დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები