„გამომიგზავნეს ჭიქები, რომლებშიც, მეგონა, ჩაი ესხა, თურმე წყალი ყოფილა“- ენერგოომბუდსმენს ყველაზე ხშირად წყალთან დაკავშირებით მიმართავენ

ენერგოომბუდსმენს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საჩივრით წყალთან დაკავშირებით მიმართავენ. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ენერგოომბუდსმენს მიმართავენ სამი სექტორის მომხმარებლები – ეს არის გაზი, ელექტროენერგია და წყალი. მაგალითად 2018 წელს საჩივრების მიხედვით იყო, ლიდერი წყლის სექტორი იყო. იმიტომ, რომ არ არსებობდა, როგორც რუსთავის წყლის, მცხეთის წყლის, gwp-ის არცერთი აბონენტი, რომელსაც არ ჰქონდა ძველი დავალიანება ბარათზე. ეს იყო ძირითადად თანხობრივი დავები, რომლებიც ძალიან მძიმე ტვირთად აწვებოდა მოქალაქეებს. ამასთან , აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში არ არის უბანი, რომელსაც პრეტენზია არ ჰქონდეს სათანადო მომსახურებაზე, ანუ gwp-ის არასათანადო მომსახურებაც არის ცნობილი თემა თბილისში, მოგეხსენებათ. არის ავარიები, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც იწვევს წყლის ხშირ წყვეტას. წყლის დაბინძურების ფაქტები და დაბინძურების თემატიკაც ხშირია. ცოტა ხნის წინ მომხმარებლებმა გამომიგზავნეს წყლის ჭიქები, რომლებშიც, მეგონა, რომ ჩაი ესხა და, თურმე წყალი ყოფილა.
რეგიონებში აღმოჩნდა, რომ ამაზე მეტი პრობლემაა. წელს, წყლის თემატიკაზე საჩივრები გაიზარდა ძირითადად რეგიონების ხარჯზე იმიტომ, რომ, რაც ჩვენმა რეგიონულმა სამსახურებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა აღმოჩნდა, რომ მაგალითად კახეთში გაერთიანებული წყალმომარაგების მისამართით ძალიან ბევრს აქვს პრობლემა. ჯერ ერთი, რომ იქ გრაფიკები ირღვევა, წყალმომარაგება არის, არ არის, როდის არის, არავინ იცის. არსებობს, თურმე, ხანდაზმული დავალიანებების თემაც, რომელსაც ახლა ითხოვს კომპანია და ამის გამო წყლის შეწყვეტას ცდილობს და ა.შ“- განაცხადა ვარდიაშვილმა.
რაც შეეხება ელექტროენერგიას – მისი ინფორმაციით, რეგიონებში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. საჩივრების ძირითადი ნაწილი გაუმართავ მრიცხველებზე, თანხობრივ დავებზე მოდის.
„რაც შეეხება ელექტროენერგეტიკას – ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ჩვენ მომსახურების ნაწილში არ გვაქვს ხოლმე საჩივრები დედაქალაქის მასშტაბით იმიტომ, რომ შედარებით გამართული ინფრასტრუქტურა და კარგი მომსახურება აქვს სააქციო საზოგადოება “თელასს“. თუმცა, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, ამიტომაც, ძირითადი ნაწილი საჩივრებისა მოდის გაუმართავ მრიცხველებზე, თანხობრივ დავებზე, ელექტროსადენებზე, ელექტროგანათების ბოძებზე, რომლებიც არის კომპანიის საკუთრებაში, ასეთი ძალიან ბევრი გვაქვს რეგიონებიდან. არასათანადო მომსახურება გულისხმობს ამინდის ცვალებადობასთან ერთად ძაბვის ცვალებადობას, რა დროსაც აღარ ირთვება შესაბამისი ტექნიკა, ან დაზიანდა, ან გადაიწვა, თუმცა მთელ საქართველოში ახლა ოპერირებს „ელექტროპრო ჯორჯია“, რომელიც ცდილობს ძალიან დიდი ინვესტიცია გადაისროლოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და გაუმჯობესების კუთხით. ასე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით გაუმჯობესებას.
წლის განმავლობაში ბევრი დავა იყო მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო თანხის დაკისრებითვის, ანუ თანხობრივი დავები. ძალიან ბევრი დადებითათაც გადავწყვიტეთ.
რაც შეეხება გაზს- ნოემბრიდან ვაფრთხილებთ ხოლმე მომხმარებლებს, რომ ცივი სეზონი შედის პიკში და ვიყოტ ფრთხილად. ბოლო სამი წელია ვატარებთ კომპანიებთან შეხვედრებს, ვაფრთხილებთ, რომ იყვნენ ყურადღებით, რადგან დაიწყო გამათბობლების აქტიური მოხმარება.
გვაქვს მრიცხველის დავებიც. როგორც დენზე გითხარით-მრიცხველი მწყობრიდან გამოვიდა და შემდეგ ამის გამო აღურიცხავად მოხმარებული პროდუქტისთვის დაეკისრათ თანხა, ასეთებიც ძალიან ბევრია თბილისის მასშტაბით.
არის წნევის თემაც, ბევრი მოქალაქე რეკავს, მოდის და ამბობს, რომ ვეღარ რთავენ გაამთბობელს, რაღაც პრობლემებია. რეალურად გვაქვს ხოლმე წნევის ცვალებადობა. ეს არის დაბალი წნევის პრობლემა“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები