გია აბაშიძე: ე.წ. „სისტემის მსხვერპლ“ მოსამართლეებს საჯაროდ ბოდიში არავისთვის მოუხდიათ, ეს გამაღიზიანებელია

საზოგადოების უდიდესი ნაწილის, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის განწყობა მოსამართლეთა კოჰორტის მიმართ მკვეთრად უარყოფითია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე განაცხადა.
გია აბაშიძე ბოლო პერიოდში სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„საინტერესოა, რომ პოლიტსაბჭოს განცხადებას არ ეთანხმება პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ქალბატონი ჩუგოშვილი, პარტიის საერთაშორისო მდივანი. მან თქვა, რომ არ ეთანხმება იმ ნაწილს, სადაც „ნაცმოძრაობის“ ორკესტირებულში შედის ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოთქვამს უკმაყოფილებას მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით. აქ საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის განწყობა მკვეთრად უარყოფითია მოსამართლეთა კოჰორტის მიმართ.
აქ არის მთავარი, რაც ხალხმა ვერ გაიგო, ისევე როგორც ვერ გაიგო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, არცერთ, ამ ე.წ. „სისტემის მსხვერპლს“ საჯაროდ, სახალხოდ ბოდიში არავისთვის მოუხდია, ეს არის გამაღიზიანებელი. კიდევ უფრო ნავთი დააასხეს ცეცხლს, როცა მოსამართლეთა კონფერნეცია გაიმართა. ძალიან ბევრ ადამიანს გაახსენა საბჭოთა პერესტროიკის დროინდელი, აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის ყრილობა, როცა ნებისმიერ კრიტიკას ისინი აგრესიით, კონტრშეტებით ხვდებოდნენ. მათ შორის, იუსტიციის საბჭოს და კიდევ რამდენიმე სხვა მოსამართლე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ როცა ეს მათი საქმე არ არის. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის უარყოფით დამოკიდებულებას.
„ქართული ოცნება“ ვერ ხვდება მათი ამომრჩევლის განწყობებს ეს მათთვის თვითდამაზიანებელია.
ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ ამ ქვეყანაში, რომ წარსულ შეცდომებზე ბოდიში მაინც მოიხადონ, მორალური პასუხისმგებლობა მაინც აიღონ, თუ არა იურიდიული“, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისთვის, გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში პარტიის პოლიტსაბჭო სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა აბსოლუტურად კონსტრუქციული სახე მიიღო და გაჩნდა შესაძლებლობა, პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი დისკუსია მიგვეღო, სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ”- ნათქვამია განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები