დაღესტანმა ირანს დახმარება გაუგზავნა
დაღესტნიდან, აზერბაიჯანის გავლით, ისლამურ რესპუბლიკაში შვიდი სატვირთო მანქანა გაიგზავნა, რომლებსაც ირანის მოსახლეობისთვის თითქმის 140 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადააქვს.
AZERTAC-ის ცნობით, დაღესტნის მთავრობის წარმომადგენელმა ირანში რუსეთის სავაჭრო მისიაში, ანდრეი ტანაევმა განაცხადა:
“შვიდი მანქანა უკვე გავიდა დაღესტნის მთავრობისა და პირადად რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მელიკოვის მხარდაჭერით. დაღესტანი ასევე გეგმავს ირანელი ხალხისთვის დახმარების გაწევის გაგრძელებას. ამჟამად, ტვირთი ძირითადად ფქვილისგან და მარცვლეულისგან შედგება“.
მისივე თქმით, კოლონა ირანის საზღვარზე დაახლოებით 12 საათში ჩავა, სადაც მას ადგილობრივი ხელისუფლება, რაშტში რუსეთის გენერალური კონსული ანდრეი ალენკინი და რუსული მხარის წარმომადგენლები დახვდებიან.
ჰუმანიტარული დახმარების მომზადებაში მონაწილეობდნენ დაღესტნის რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოება, საქველმოქმედო ფონდი „სუფთა გული“, მახაჩყალის ირანული დიასპორა, რესპუბლიკის სახალხო კრების წევრები და რეგიონის საავტომობილო გადამზიდავების ასოციაცია.