პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცხეთის, ყაზბეგისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სამსახურებრივი სიყალბის, თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 22 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020-2024 წლებში მცხეთის, ყაზბეგის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მათ სახელზე დარეგისტრირება მოითხოვეს.
„განმცხადებლებმა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა 2007 წლის მდგომარეობით ფლობდნენ საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთებს, რაც საფუძვლად უნდა დადებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონებების ბრალდებულების სახელზე რეგისტრაციას.
ამავდროულად, რიგ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და დაუდასტურა ბრალდებულების და მათი ოჯახის წევრების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების 2007 წლამდე ფლობის ფაქტი.
აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მცხეთის, ყაზბეგის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 1 916 550 ლარის ღირებულების 15 544 კვ.მ მიწის ნაკვეთებს.
ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე (სამსახურებრივი სიყალბე), 180-ე (თაღლითობა), 25, 180-ე (თაღლითობაში დახმარება), 362-ე მუხლებით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება, გამოყენების ფაქტებზე სისსხლისამართლებრივი დევნა 8 პირის, მათ შორის 2 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით, ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და რეალიზაციას. კერძოდ: ბრალდებულებმა მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვეს 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050 ლარის ზიანი მიაყენა. ასევე, ბრალდებულებმა მდინარე რიონის კალაპოტიდან უნებართვოდ მოიპოვეს 1 346 371 მ³ წიაღისეული, რამაც გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენა, ხოლო მცხეთის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 2 172 502 ლარის ზიანი მიაყენა.
ბრალდებულებმა დასახელებული დანაშაულის ჩასადენად და უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ასევე დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია.
ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.