ეკატერინე მიქაბაძემ Lion Finance Group-ის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ Lion Finance Group-ის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ხარისხის ანგარიშგება გამჭვირვალობის, ბაზრის დისციპლინისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნის ქვაკუთხედია. მისივე განცხადებით, პროგრესი, რომელსაც დღეს მდგრადი განვითარების მიმართულებით ვხედავთ, მარეგულირებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.
„მდგრადი დაფინანსება იზოლირებულად არ ვითარდება – ის საერთო სტანდარტების, საერთო გამოცდილებისა და საერთო პასუხისმგებლობის საფუძველზე შენდება“, – აღნიშნა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2017 წელს „მდგრად საბანკო ქსელში“ (SBN) გაწევრიანების დღიდან, ეროვნული ბანკი მუშაობს კომპლექსურ ჩარჩოზე, რათა ფინანსურ სისტემაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირება მოხდეს.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად, გავაძლიეროთ მედეგობა ახალი რისკების, მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული რისკების მიმართ“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ „მდგრადი დაფინანსების გზამკვლევზე“ და ESG სახელმძღვანელოს მითითებებზე, რაც სექტორს ESG რისკების, მათ შორის კლიმატური რისკების, მართვაში ინტეგრირებაში ეხმარება.
„გარდა ზემოთქმულისა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, რათა მკაფიოდ განვსაზღვროთ მწვანე და სოციალური ეკონომიკური საქმიანობები“ – განაცხადა სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა სებ-ის მიერ შემუშავებულ მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების წესზე, რომელიც აღნიშნული მიზნობრიობის მქონე ფასიანი ქაღალდებისთვის მკაფიო სტანდარტებს ქმნის, აძლიერებს ინვესტორთა ნდობას და ხელს უწყობს კაპიტალის მობილიზებას მდგრადი პროექტებისთვის.
„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული კორპორაციული ობლიგაციების 43%-ს სწორედ მწვანე, სოციალური, მდგრადობის ან მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები შეადგენს“, – განაცხადა მან.
ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციით წარდგა სებ-ის მდგრადი დაფინანსების განყოფილების ხელმძღვანელი სალომე თვალოძე, რომელმაც მდგრადი დაფინანსების მომავალზე და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და საზედამხედველო მოლოდინებზე ისაუბრა.
ღონისძიებას უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.