„უბედური შემთხვევები, ძირითადად, შიდა ქსელების გამო ხდება” – რა რეგულაციები მკაცრდება ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით, უბედური შემთხვევები, ძირითადად, შიდა ქსელების გამო ხდება. ამის შესახებ ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია, საკანონმდებლო პაკეტის მიღება და რეგულაციების გამკაცრება.
„დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების მეორე დღიდანვე ვამბობდი, რომ თუ დავაკვირდებით, ყველა უბედურება ხდება შიგნიდან, ეს არის შიდა ქსელზე და შიდა ქსელიდან მომდინარე უბედურებები, რომელიც, ძირითადად, დახურულ სივრცეში ხდება. ეს არ არის შემთხვევითი. მესმის, რომ შეიძლება გარე ქსელზეც არსებობდეს კონკრეტული პრობლემები, მაგრამ გარე ქსელი არის მთლიანად კომპანიის პატრონაჟის ქვეშ, ის კეთდება, შენდება და მერე მოვლა-პატრონობა ეკისრება ლიცენზირებულ კომპანიას, სადაც რისკები, ფაქტობრივად, მინიმალური გვაქვს. შიდა ქსელები რა მდგომარეობაში გვაქვს, დღემდე არ ვიცით. აღარ არის საუბარი ნახევარი საუკუნის წინ აშენებულ შენობებზე, სადაც შეიძლება უკეთესი მდგომარეობა იყოს, იმიტომ, რომ იქ მაშინ სხვა წესებით მოქმედებდნენ. რა ხდება თანამედროვე შემთხვევებში: იმ დროს, როცა ვიბარებთ კორპუსს, ეს იქნება შავი თუ მწვანე კარკასი, რომელშიც უკვე გაყვანილია შიდა ქსელი, მოწყობილია გათბობა, ან ჩვენ თავად ვაპირებთ ამის გაკეთებას, არაფერი გვიშლის ხელს იმაში, რომ მოვიყვანოთ სპეციალისტი, რომელიც იმუშავებს შიდა ქსელის მოწყობაზე. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს შეცდომებს. პირი, რომელსაც არ აქვს არავითარი გამოცდილება და ცოდნა ამ სისტემაში მუშაობის, მისი მხრიდან შეცდომა ბუნებრივია.
რაზე მიდის მუშაობა – ორი შეხვედრა იყო პარლამენტში ამასთან დაკავშირებით. 2 დღის წინ იყო გაფართოებული შეხვედრა, სადაც კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ გეგმა წარმოადგინა. იქ პირველ ნომრად გათვალისწინებულია შიდა ქსელის მოწყობის რეგულაციების შემოღება, რაც ჩემი რეკომენდაციაა.
მეორე თემაა სამშენებლო პროექტირების დაკავშირება ენერგოპროექტირებასთან. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ეს ორი თემა არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, სამომავლოდ, შესაძლებელია, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ანუ თუ ყველაფერი წესრიგში არ ექნება, შესაძლოა, ბინა ექსპლუატაციაში არ შევიდეს“, – განაცხადა ვარდიაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ორგანოს ჩამოყალიბება.
„მესამე საკითხია მონიტორინგი. ის,თუ ვინ განახორციელებს ჩვენი საცხოვრებელი ფართების, შიდა ქსელების მონიტორინგს. მონიტორინგის ორგანოს ჩამოყალიბებაზეა საუბარი. შესაძლოა, მონიტორინგის ფუნქცია ჰქონდეთ დამოუკიდებელ, კერძო, სერტიფიცირებულ კომპანიებს ან შემოვიდეს სახელმწიფო დონეზე ინსპექციის მაგვარი რამ.
შეხვედრაზე ითქვა მოსაზრებები და იდეები. ეს ჯერ კანონპროექტის სახით არ არსებობს, შემდეგ შეხვედრებზე უფრო დახვეწილი იქნება.
კიდევ ერთი საკითხი, ესაა – მოქალაქის პასუხისმგებლობის თემა. როცა კომპანია გაძლევს რეკომენდაციას, გიხსნის დანადგარს, გეუბნება, რომ ის შენი სიცოცხლისთვის საშიშია, უნდა დაემორჩილო აუცილებლად. ბევრჯერ ვნახეთ, რომ ჩახსნილი დანადგარები თვითნებურად დამონტაჟდა და მივიღეთ ლეტალური შედეგი.
ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გაზი საშიშია, მასთან კომპრომისი დაუშვებელია, რადგან გაზი თვითონ არ გიკეთებს კომპრომისებს. CO-ს ვერ ვგრძნობთ, მისი გაჟონვა აფეთქებას იწვევს. ამჟამად, ერთი რჩევაა, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ დანადგარის ჩახსნის შემდეგ არ მოხდეს თვითნებურად, ხელახლა დამონტაჟება. მეორე რჩევაა დეტექტორების შეძენა, რაც გაჟონვის შესახებ გვატყობინებს და მიგვითითებს, ფანჯარა მაინც შევხსნათ“, – განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხშირად განიავდეს შენობა, ფანჯრები ბოლომდე დახურული არ იყოს, ასევე, წელიწადში ერთხელ მაინც დანადგარები სპეციალისტმა შეამოწმოს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები