მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება
ის, რაც დღეს ვენესუელაში ხდება, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა, ეს ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივისას” განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც ვენესუელაში ე.წ არჩევნები ჩატარდა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მისი შედეგები არ ცნო. “ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპულად. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია. მადუროს რეჟიმი უკვე წლებია, აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, რაც ძალიან მძიმედ აისახა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ განვითარებული სამყაროს გვერდით. ამას დაემატა ის, რომ ეს რეჟიმი საერთაშორისო სამართლიდან გავიდა და კიდევ ერთხელ დაარღვია ის, როდესაც აღიარა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებულია. ის, რაც დღეს ხდება ვენესუელაში, არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა. ეს ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს და ბოლომდე ვრჩებით ერთგული იმ განცხადებისა, რომელიც გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.