დიმიტრი ხუნდაძე: იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას
“მე ვფიქრობ, მეოთხე რაუნდი აღარ უნდა გახდეს საჭირო და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რადგან უსასრულო კონსულტაციები აზიანებს ყველას და ყველაფერს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება და შეხვედრის შინაარსი მოსამართლეების საკითხს შეეხება.
“კონკრეტიკაზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც შეხვედრა დასრულდება და თქვენთვისაც ცნობილი გახდება. მე იმედი მაქვს, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული და დასრულებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.