სალომე ზურაბიშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე მთავარ საკითხად, ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების გზები იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთი მახარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორს ინიციატივების შეთავაზების საშუალება მისცა.
„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ არიან შეჩვეული პროცესის დასაწყისში ყოფნას. მათ უფრო ხშირად სხვადასხვა ინიციატივაზე უწევდათ რეაგირება. ჩვენ ვცდილობთ, პროცესი სხვანაირად დავიწყოთ და ვთხოვეთ, რომ პროცესის დასაწყისშივე გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას. დღეს ბევრმა არასამთავრობომ ისეთ კვლევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არ ვიცოდით, თუ არსებობდა.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გამოკვეთილია არამარტო საქართველოში, არამედ ევროპაში, ეს არის ჰიბრიდული საფრთხეები. ეს მოიცავს დეზინფორმაციას პოლიტიკური და საერთაშორისო დონის საკითხებში, იგივე ლუგარის ლაბორატორიის თემა, რომელიც იყო სახელმწიფოებრივი დარტყმა და ამისთვის სოციალური თემები იყო გამოყენებული. უბრალოდ ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს საფრთხე და ამ არსებული საფრთხის მიმართულებით ევროპარლამენტმა მიმართა ევროპის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ჩვენ გვსურს ამ პროცესში ჩართვა და თუ ევროპა და ნატო რაღაც კონკრეტულ მექანიზმზე შეთანხმდებიან, გვსურს, ამის ნაწილი ვიყოთ, რადგან საქართველოც საკმაოდ ხშირად ხდება დეზინფორმაციის მსხვერპლი“, – განაცხადა ქეთი მახარაშვილმა.