„თუ ბუნებრივი აირის ალი წითელ ფერში გადადის, ეს უკვე ნიშნავს, რომ პრობლემებია“ – ენერგეტიკოსის რჩევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია. ამის შესახებ არაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებას რეგულაციებთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და დარგის სპეციალისტებთან ამასთან დაკავშირებით შეხვედრებიც იმართება.
მისი თქმით, სანამ რეგულაციები შემოვა, თუ ყველა მოქალაქე ყურადღებით იქნება, უბედური შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია.
„რაც აბონენტებს შეგვიძლია რეგულაციების გარეშე გავაკეთოთ – პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ – ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ გარემოებას, თუ ოდნავ შევნიშნეთ, რომ ჩვენს გაზქურაზე ან გაზის ხელსაწყოზე წვის დროს ალი მოცისფრო ფერის არ არის და წითელ ფერში გადადის, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჟანგბადის რაოდენობა მცირეა, სრული წვა არ მიდის, გამოიყოფა არასრული წვის პროდუქტი CO, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანისთვის. როგორც კი CO -ს გამოყოფა და დაგროვება დაიწყება ოთახში, ადამიანს აუცილებლად დაეწყება სისუსტე, თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, იმ წუთშივე უნდა მიხვდეთ, რომ ეს გაზის პრობლემისგანაა. სანამ დარეკავთ კომპანიებში, გამოიძახებთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ გაზის ხელსაწყოსთვის გაზის მიწოდება, გადაკეტეთ გაზქურები, გაზის მიმწოდებელი სარქველი, დაიწყეთ განიავება. ჩაიც რომ ავადუღოთ სახლში, გვქონდეს ჩვევაში, რომ გამოვაღოთ ფანჯარა და გავანიავოთ. ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ყურადღებით და ფრთხილად“, – განაცხადა გია არაბიძემ.
მისი თქმით, მკვეთრადაა გასამიჯნი უფლება-მოვალეობების საკითხი, ერთი მხრივ გაზის მომწოდებელი კომპანიის და მეორე მხრივ აბონენტების.
„მთავრობაში დაიწყო ამაზე მუშაობა. აუცილებლად გასამკაცრებელია და რეგულაციებია შემოსაღები. პასუხისმგებლობა დღეს გაყოფილი არაა, ანუ ვის უნდა დავაკისროთ პასუხისმგებლობა. ქეთევან წამებულზე რაც მოხდა, ვნახეთ საბუთები, რომ „ყაზტრანსგაზი“ შევიდა, შეამოწმა, ნახა, დაიწუნა, დალუქა. ამის იქით მას ვალდებულება არ აქვს, კომპანიას არ შეუძლია კუსტარული ხელსაწყო ჩამოართვას, აქ მკვეთრადაა გასამიჯნი უფლება-მოვალეობები, რომ სადამდეა პასუხისმგებელი გაზის მომწოდებელი კომპანია, ამის შემდეგ ვინ იღებს პასუხისმგებლობას და რა არის მობინადრის პასუხისმგებლობა. კანონში წერია, რომ მობინადრე პასუხისმგებელია გაზის ხელსაწყოს ექსპლუატაციაზე და ამით მთავრდება ყველაფერი. რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა, სად რა ეკისრება და ა.შ. ეს არაფერი არ არის გაწერილი. სასწრაფოდ უნდა შემუშვადეს რეგულაციები, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს გაზის მომწოდებუელი კომპანიის ვალდებულებებს, ამის შემდეგ შესაქმნელია გარკვეული ზედამხედველობის სამსახური, რომლის მოვალეობა იქნება ამ პრობელემების თავიდან აცელება. ჩემი მოსაზრებით, შეიძლება მუნიციპალიტეტში შეიქმნას ზედამხედველობის სამსახური, რომ ბინებში, სადარბაზოებში მოახდინონ რეგულარული შემოწმება გაზის ხელსაწყოებისა. მთავარი ის არის, რომ – თუ რამეს შეამჩნევენ აუცილებლად გაზი უნდა დაიკეტოს, თუ მობინადრემ თვითნებურად გახსნა, პასუხისმგებლობა სერიოზული უნდა იყოს. ვფიქრობ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ხომ არ უნდა გაკეთდეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგეენლი ვარ, ტექნიკური უნივერსიტეტი თავის თავზე იღებს იმ პერსონალის მომზადება-გადამზადებას, რომლებიც ამ წუთში მუშაობენ გაზის კომპანიებში, ჩვენ ამის იურიდიული უფლებაც გვაქვს სახელმწიფოსგან, აკრედიტაცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით. მერია, სამინისტრო, სემეკი უკვე მუშაობენ რეგულაციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა არაბიძემ.
შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სავარუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა.
„ფაქტია, რომ არსებობს უსაფრთხოების წესების გამკაცრების აუცილებლობა“, – ამის შესახებ ქეთევან წამებულის გამზირზე მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ მე შევხვდი მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, ენერგეტიკის სფეროს წარმოადგებლებს, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათგან მოვისმინე, რომ ისინი გეგმავენ უსაფრთოების წესების გამკაცრდებას. დამცავი დეტექტორები გახდება სავალდებულო და მერიაც მზად არის ამ პროექტში ჩაერთოს“.- განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა ბუნებრივი აირის გამათბობლები მხოლოდ ლიცენზირებულმა კომპანიებმა დაამონტაჟონ.
თამუნა შეყილაძე