ირაკლი მეზურნიშვილი: გამოვდივართ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ვალების განულების პროცესს აფასებს.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ 600 ათას ადამიანს ვალი ჩამოეწერა, მათ აქვთ შესაძლებლობა, ოფიციალურად მიიღონ ხელფასი და დამსაქმებელმა მას ეს ანაზღაურება ჩაურიცხოს.
„უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩატარდა, უმნიშვნელოვანესი სოციალური აქტი იყო, რომელიც ფონდმა „ქართუმ” და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად წარმოადგინეს. მოგეხსენებათ, ეს პრობლემა ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მოხსნა საპროცენტო განაკვეთების ზედა ჭერი და ბანკებს შესაძლებლობა მისცა, დაურეგულირებლად გაეცა კრედიტები. კატასტროფულად მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო. ამან განაპირობა ის, რომ წლების მანძილზე დაგროვდა ამდენი ადამიანი, რომელთაც დაუგროვდათ ვალები, ეს არის 600 ათასი ადამიანი. დღეს ეს მოსახლეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. გარდა იმისა, რომ ვალი ჩამოეწერათ, ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ოფიციალურად მიიღონ ხელფასი და დამსაქმებელს საშუალება ეძლევა, მას ანაზღაურება ჩაურიცხოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოვდივართ და, რა თქმა უნდა, ეს ასევე აისახება სარეიტინგო სააგენტოების რეიტინგებში ქვეყნის ადგილზე”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მან საბანკო სექტორის ახალ რეგულაციებზეც ისაუბრა.
„ამას აქვს ორი მხარე. ადრე ძალიან მარტივად ხდებოდა სესხების გაცემა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რა პრობლემებამდე მიგვიყვანა ამ სისტემამ. ეს სფერო აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და ამას მხოლოდ მკაცრი რეგულაციები და ჩარჩოები დაარეგულირებს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს გარკვეული დისკომფორტის მომტანი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს გარანტიას, რომ არ იქნება რაღაც ისეთი შოკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი რაღაც ვალებში ჩაეფლობა და იქნება ეს ყველაფერი დარეგულირებული”, – აღნიშნა მეზურნიშვილმა.