თამარ ჩუგოშვილი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე”: უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით განმარტებას სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე, რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც თავის მართლებას გთხოვს.
​მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან, უღირსი და უმწიფარი გამოხტომები მათთან თანამშრომლობის ხალისს არ აჩენს.
„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოპოზიციის მხრიდან ატყდა ამბავი მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. მე მათ არ ვპასუხობ. მინდა, დაინტერესებულ საზოგადოებას არ დავუტოვო კითხვები, ამიტომ ბოლო განმარტებას ვაკეთებ:
1. გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რეზოლუციას “მაგნიტსკის სიასთან” დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, ამ რეზოლუციაში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ჩამატება და ორპარტიულად დავაინიცირეთ ცვლილება. ინიციატივის ავტორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, ანუ დელეგაციის უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები;
2. კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა, ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას;

3. პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა;

4. სესიაზე კენჭისყრის დროს, გიორგი კანდელაკს არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება, სთხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად, გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;

5. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რატომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. დიმიტრი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მას არ აქვს ხმის უფლება; ბატონი ზვიადი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მან ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო;

6. ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭერი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა. სამივეზე, ბუნებრივია, მხარი დავუჭირე. ორი ჩანს შედეგებში, ერთი არა. აპარატი მეუბნება, რომ ხარვეზები ხდება ხოლმე, რადგან თითოეული კენჭისყრა სამი-ოთხი წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ, რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ;

7. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე, რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას. გისურვებთ, ასე არავინ მოგექცეთ;

8. ახლა გავიგე, დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი ორჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტი არამხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის. ეს ხდება წელიწადში ოთხჯერ შვიდი დღით. გთხოვთ, დაითვალოთ, რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენგანის სამუშაო დღე დილის 07:00 საათზე იწყება და ღამის 09:00 საათზე მთავრდება. ასე რომ, საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.

ამ თემაზე მეტის საუბარს არ ვაპირებ. ვისაც საკითხი აინტერესებს, აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა. ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი.

დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს, ამას თავადაც მიხვდებით“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები