თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვოიცეხ სავიცკის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  თამარ ჩუგოშვილი  სტრასბურგში,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდა.  შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა  აღნიშნა, რომ  წელს საქართველო  ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს იზეიმებს – 1999 წლის 27 აპრილს,  საქართველო გახდა ევროპის საბჭოს რიგით 41 წევრი ქვეყანა.   მხარეებმა ისაუბრეს იმ განვლილ გზაზე, რომელიც გაიარა საქართველომ 1999 წლიდან დღემდე, იმ რეფორმებზე და წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც განახორციელა  ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის მანძილზე.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის შემდგარი ქვეყანა, ის არა მხოლოდ ძალიან შორს არის ოცი წლის წინანდელი მდგომარეობისაგან, არამედ არის ძლიერი და საინტერესო  ქვეყანა, რომელმაც შეძლო და განახორციელა ბევრი წარმატებული რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი შედეგები დადო დემოკრატიული განვითარების მიმართულებით და  არის  რეგიონში სამაგალითო.

ევროპის საბჭო გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის  ახალი ქვეყანა, რომლის წარმატებებს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტი აღიარებს. ის არის წინსვლისა და რეფორმების საუკეთესო მაგალითი რეგიონში და მას შეუძლია ქონდეს ევროსაბჭოს სრული მხარდაჭერის იმედი,  მათ შორის,  პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საქმეში.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2019 წლის ნოემბერში საქართველო პირველად ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, ამასთანავე, აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე.

2019 წლის 27 აპრილს საქართველო აღნიშნავს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. საქართველოს პარლამენტში გაიმართება საგანგებო სესია, რომელიც მიეძღვნება ამ თარიღს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა  მოადგილემ,   თამარ ჩუგოშვილმა  აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვოიცეხ სავიცკი  საქართველოში სტუმრად  მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები