მაია ბითაძე გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს

„ფონდთან და გამოსყიდვებთან მიმართებით, არ მგონია, რჩევის და რეკომენდაციის გაწევა დედაქალაქის მერიისთვის საჭირო იყოს“, – ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებას.
ბითაძის განცხადებით, თბილისში ბევრი ტერიტორია არა მხოლოდ გიგი უგულავას მერობის პერიოდში, სხვა დროსაც გასხვისდა, რაც არ უნდა გასხვისებულიყო, ახლა კი, მერიას ამ ტერიტორიების გამოსყიდვისთვის „ხარკის გაღება“ უწევს.
„ბუდაპეშტის“ ტერიტორია ვაკის პარკში არ შედის, ეს არის ცალკე საკადასტრო. თუმცა, ვაკის პარკის შექმნის დროს, 90-იან წლებამდე ეს ტერიტორია ვაკის პარკის განუყოფელი ნაწილი იყო. რაც შეეხება ფონდთან და გამოსყიდვებთან მიმართებით, არ მგონია, რჩევის და რეკომენდაციის გაწევა დედაქალაქის მერიისთვის საჭირო იყოს. გამოწვევები, რომელიც მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობასთან და გამოსყიდვასთან დაკავშირებით გვაქვს, ფართომასშტაბურია და გამოწვეულია, სამწუხაროდ, არა მარტო გიგი უგულავას დროს, არამედ სხვა პერიოდებში, მაშინ, როდესაც მიწის რეფორმა, პრივატიზების პროცესი დაიწყო და საკუთრებები წარმოიშვა იქ, სადაც არ უნდა წარმოშობილიყო. შესაბამისად, პოპულისტური განცხადებები ფონდთან დაკავშირებით არის სპეკულაცია, გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი მონაცვლეობა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის, ჩვენი თანხების ხარჯზე. სამწუხაროდ, გვიწევს ხარკის გადახდა ისეთი საჯარო ტერიტორიების გამოსყიდვის ან მონაცვლეობის ან სხვა ტიპის კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე, რომელიც თავის დროზე არ უნდა გაყიდულიყო. პრობლემა ამაში მდგომარეობს და ეს არ არის მხოლოდ ვაკის პარკთან მიმართებაში. ძალიან ბევრი საჯარო ტერიტორია გვაქვს დაკარგული, რაც ვიზუალურადაც ჩანს თბილისში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ გზები, ტროტუარები, დიღმის ტყე-პარკი და მთელი წყნეთის აღმართი არის კერძო საკუთრება, რაც კერძო საკუთრება არ უნდა ყოფილიყო“,- აღნიშნა მერის მოადგილემ.
მისი თქმით, ბერკეტების სამართლებრივ მხარეს დრო აჩვენებს. მაია ბითაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებების გზით გონივრულად გადაწყდება.
„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის შესჩერებლად მერიას ბერკეტები აქვს. როდესაც ვსაუბრობთ ბერკეტებზე, ეს არის ბერკეტები, რომელსაც სამართალი წარმოშობს და მხარეები – ინვესტორი და მუნიციპალიტეტი კარგად იცნობს. სამართალს ბევრი წახნაგი აქვს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროცესი არის წაგებული, ვგულისხმობთ შინაარსობრივ ნაწილს, მაგრამ ფორმალურ ნაწილში სხვა სამართლებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რის გამოც ვაცხადებთ, რომ გვაქვს ბერკერები. კონსენსუსის მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ ეს საკითხი ისე, რომ არც კერძო მესაკუთრე დაზარალდეს და არც საჯარო ინტერესი. ბერკეტების სამართლებრივ მხარეს გვიჩვენებს დრო და იმედი გვაქვს, საკითხი მოლაპარაკებების გზით ძალიან გონივრულად გადაწყდება“, – განაცხადა ბითაძემ.
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 2013 წლამდე “ბუდაპეშტის“ ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. მისივე თქმით, ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. უგულაა მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები