თამარ ხულორდავა: ოპოზიციის მხრიდან „მაგნიტსკის სიის“ თემაზე ბრიფინგის ჩატარება გამაოგნებელია

„სერგი კაპანაძის განცხადებით გაკვირვებული დავრჩი, რადგან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ პარლამენტმა მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ „პირველ არხს“ განუცხადა.
„ყველა საერთაშორისო ფორმატში აქტიურად ვმუშაობთ, რათა პარტნიორებმა კონკრეტული ზომები მიიღონ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. „მაგნიტსკის სიაზე“ ინიცირებული იყო ცვლილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც გულისხმობდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამატებას რეზოლუციაზე და ამ ცვლილების ინიციატორი დელეგაციის ოთხი წევრი იყო, მათ შორის დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძეც. ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე ბრიფინგის ჩატარება გამაოგნებელია“, – განაცხადა ხულორდავამ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას „ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიაზე“ ცალსახა პოზიცია აქვს და ეს ყველასთვის ნათელია.
„ოპონენტები თემას იყენებენ პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც გასაგები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის არ არის გასაგები, რადგან ფაქტია, რომ საერთო პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვდივართ. ამის დაბრალება უსინდისობაა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ ევროსაბჭოში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები