ირაკლი კოვზანაძე: პრემიერის ვიზიტი დავოსში ევროპა-აზიის სატრანსპორტო ჰაბისა და სანდო ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება

“პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსში საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის სატრანსპორტო ჰაბისა და სანდო ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის ადგილი, სადაც მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები იკრიბებიან.
“ბატონი მამუკა ბახტაძე გასულ წლებში რამდენიმეჯერ მონაწილეობდა აღნიშნული ფორუმის მუშაობაში, წელს კი ღონისძიებას უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში სტუმრობს”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე შეფასებით, დავოსის ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს უკეთ პოზიციონირება და პოპულარიზაცია მოხდეს, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყნისა, სადაც ფულის ჩადებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გარემოა მთელს მსოფლიოში.
“ზუსტად ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტი ემსახურება საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის საზღვაო კარიბჭის, სატრანსპორტო ჰაბის, სანდო და ცივილიზებული ქვეყნის პოპულარიზაციას, შესაბამისად კი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები