სერგი კაპანაძე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი მათმა არცერთმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ წელს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია “ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მიიღეს. თავის დროზე, ამას მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ შემდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ძალიან მისასალმებელია, რომ ერთი წლის განმავლობაში არამხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, არამედ ევროპარლამენტმა, ირლანდიის, ლიეტუვას პარლამენტებმა, აშშ-ს კონგრესმა ამ სიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის პარალელურად ჩნდება სერიოზული კითხვები, თუ როგორი იქცევა “ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. გუშინ, როდესაც რეზოლუცია განიხილებოდა და როდესაც იყო კენჭისყრა, “ქართული ოცნების“ არცერთ წევრს რეზოლუციისათვის მხარი არ დაუჭერია. ეს არის რეზოლუცია, რომელიც რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას, მოუწოდებს დაიცვას ადამიანის უფლებები. საქართველოს დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არცერთი მხარდამჭერი პოზიცია არ დაფიქსირებულა. მათ არათუ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა და არ დააფიქსირეს პოზიცია ამ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ორად-ორი დეპუტატი საქართველოდან, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები