შესყიდვების სააგენტო უგულავას განცხადებას მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვებაზე, სიცრუეს უწოდებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლის სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს.
​მათივე ცნობით, იმ მუნიციპალიტეტმა, რომლებშიც ტენდერი ვერ შედგა, ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე, ხელშეკრულებები პირდაპირი წესით გააფორმეს.
„ვინაიდან 2019 წლიდან სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, 2018 წლის 27-28 დეკემბერს, სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამოცხადდა ინდივიდუალური ტენდერები (სულ – 58 ტენდერი).
​კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო სახსრების დაზოგვის კუთხითაც, ვინაიდან ამ მომსახურებას მხოლოდ სამი კომპანია ახორციელებდა, ხოლო ღირებულება ყოველწლიურად იზრდებოდა. ახალი მიდგომების გათვალისწინებით, შემდგარი ტენდერებით მიღებულმა ეკონომიამ, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. ტენდერების გამოცხადების შედეგად, აღნიშნული მომსახურების სფეროში გამოჩნდნენ ახალი, მათ შორის, ადგილობრივი კომპანიები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტების სკოლებს სასკოლო ტრანსპორტის მომსახურება მიეწოდებათ შეუფერხებლად. ერთდღიანი შეფერხება იყო მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.
პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს სკოლასთან მიმართებაშიც. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლის 21 იანვარს და სკოლის ბავშვთა ტრანსპორტირებას რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნია. აღნიშნულს ადასტურებს კონტრაქტორი გადამყვანი კომპანიაც, ხოლო ხელშეკრულება საჯაროა, განთავსებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
​საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აღნიშნავენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონებში 100-ზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები